აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან რომში შეხვედრასა და მასთან სამშვიდობო პირობების განხილვას არ გამორიცხავს. ორივე ლიდერი ხვალ, 26 აპრილს, რომში პაპი ფრანცისკეს დაკრძალვას დაესწრება.
ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული საინფორმაციო სააგენტო, dpa ავრცელებს.
"ეს შესაძლებელია". - უპასუხა ტრამპმა კითხვას რომში ზელენსკისთან შეხვედრის შესაძლებლობის შესახებ.
ცნობისთვის, Reuters-მა აშშ-ს მიერ და უკრაინისა და EU-ს ქვეყნების მიერ წარდგენილი სამშვიდობო გეგმების ვერსიები გაასაჯაროვა.
- Reuters-მა აშშ-ს მიერ უკრაინისა და EU-ს ქვეყნებისთვის წარდგენილი სამშვიდობო გეგმა გაავრცელა
- Reuters უკრაინისა და EU-ს ქვეყნების მიერ აშშ-სთვის წარდგენილ სამშვიდობო გეგმას აქვეყნებს
გამოცემის თანახმად, აშშ-ს გეგმის ვერსია ევროპელ თანამდებობის პირებს დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფმა 17 აპრილს, პარიზში წარუდგინა.
ამასთან, ევროპელმა თანამდებობის პირმა აშშ-ს მხარეს ომის დასრულების გეგმის მრავალპუნქტიანი ვერსია 23 აპრილს ლონდონში უკრაინას, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიისა და აშშ-ს დელეგაციებს შორის გამართულ შეხვედრაზე წარუდგინეს.
გამოცემის თანახმად, აშშ-ს მიერ წარდგენილი გეგმა ყირიმის კონტროლის დე იურე აღიარების უზრუნველყოფას გულისხმობს. მანამდე, ამერიკულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უკრაინასთან და ევროპელ მოკავშირეებთან გამართულ შეხვედრაზე ტრამპის გუნდი გამოვიდა წინადადებით, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, აშშ-მ რუსეთის მიერ 2014 წელს ოკუპირებული უკრაინული რეგიონი, ყირიმი რუსეთის ნაწილად აღიაროს, ხოლო მიმდინარე ომის ფრონტის ხაზი გაიყინოს.
დღეს, 25 აპრილს, ტრამპმა დაწერა, რომ ყირიმი რუსეთს დარჩება და ეს ზელენსკის ესმის. მისივე თქმით, "ყირიმი ობამამ დათმო", ხოლო მის დროს ეს არ მოხდებოდა.
ასევე დღეს ზელენსკი ასევე გამოეხმაურა ტრამპის განცხადებას და განაცხადა, რომ უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიებს იურიდიულად არასდროს არ აღიარებს.
მანვე თქვა, რომ უკრაინას არ აქვს საკმარისი იარაღი, რათა ოკუპირებულ ყირიმზე კონტროლი აღადგინოს, თუმცა მსოფლიოს რუსეთზე ზეწოლის საშუალებები აქვს, რათა ტერიტორიული საკითხები განიხილებოდეს.
პაპი ფრანცისკე 21 აპრილს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფრანცისკე კათოლიკურ ეკლესიას 2013 წლიდან წინამძღოლობდა. ვატიკანის განცხადებით, პაპის გარდაცვალების მიზეზი ინსულტი გახდა.
წმიდა საყდარმა 22 აპრილს პაპის დაკრძალვის ცერემონიის განრიგი გამოაქვეყნა. პაპს წესს 26 აპრილს, დილის 10:00 საათიდან წმიდა პეტრეს მოედანზე აუგებენ. ცერემონიის შემდეგ პაპს რომში, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ.
დაკრძალვის ცერემონიას დაესწრებიან, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. დასწრება დაადასტურა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც.





