7 ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომლებშიც აშშ-ს მოუწოდებენ, არ წავიდეს კომპრომისებზე რუსეთთან - უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.
განცხადებას ხელს აწერენ უკრაინის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, ესტონეთის, ლიტვის, ლატვიისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები.
ქვეყნების მოწოდებას წინ უძღვის მედიაში გავრცელებული ინფორმაცია აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ჩანაფიქრის შესახებ, კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის ძალისხმევის ფარგლებში, აშშ-მ ოკუპირებული ყირიმი რუსეთის ნაწილად ცნოს.
"ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და აშშ-ს კონგრესს, აჩვენონ ნამდვილი ლიდერობა რუსეთის, როგორც აგრესორის სახელმწიფოს მიერ შექმნილი გლობალური საფრთხის წინააღმდეგ წასვლით". - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.
ამავდროულად, ხელმომწერი ქვეყნების საგარეო კომიტეტებმა ევროპულ ქვეყნებს გაყინული რუსული აქტივების "დაუყოვნებლივ კონფისკაციისა" და ამ თანხების უკრაინის დასახმარებლად გადამისამართებისკენ მოუწოდეს.
"საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები მოუწოდებენ აშშ-სა და NATO-ს სხვა წევრებს, დაუყოვნებლივ მოიწვიონ უკრაინა NATO-ში გასაწევრიანებლად, ხოლო ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ბლოკში უკრაინის გაწევრიანების პროცესი დააჩქარონ". - ნათქვამია განცხადებაში.





