რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

არ მგონია, რომ NATO-ში შესვლას ოდესმე შეძლებენ, ომი ამის გამო დაიწყო – ტრამპი უკრაინაზე

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Brendan McDermid/AP

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ფიქრობს, რომ უკრაინა NATO-ში ვერასდროს შევა და უკრაინის მხრიდან NATO-ში გაწევრიანების სურვილის გამოთქმა ომის დაწყების მიზეზი გახდა.

ამის შესახებ ტრამპმა Time-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარკა. ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, უნდა ჰქონდეს თუ არა უკრაინას NATO-ში ოდესმე შესვლის იმედი.

"არ მგონია, რომ NATO-ში შესვლას ოდესმე შეძლებენ. ვფიქრობ, ეს იყო პირველივე დღიდან [...] ვფიქრობ, ომი დაიწყო იმიტომ, რომ NATO-ში გაწევრიანებაზე ლაპარაკი დაიწყეს. ეს რომ არ განხილულიყო, გაცილებით მაღალი ალბათობა იქნებოდა, რომ არ დაიწყებოდა". - თქვა ტრამპმა.

მანამდე, გამოცემა Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-მ მოკავშირეებს რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო სამშვიდობო ხელშეკრულების მონახაზი წარუდგინა, რომელიც, მათ შორის, რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებასა და ოკუპირებული ტერიტორიების მოსკოვის კონტროლის ქვეშ დატოვებას გულისხმობს.

Bloomberg-ის წყაროების თანახმად, შეთავაზებული გეგმა ომის ფაქტობრივად გაყინვას, ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები მოსკოვის კონტროლის ქვეშ დატოვებას, ხოლო NATO-ში უკრაინის გაწევრიანების გამორიცხვას მოიაზრებს. 

გამოცემასთან საუბრისას ევროპელმა მაღალჩინოსნებმა თქვეს, რომ აშშ-მ პარტნიორებს გეგმის მონახაზი 17 მარტს პარიზში შეხვედრის დროს წარუდგინა. 

შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ გასულ კვირაში ევროპულმა ძალებმა აშშ-ს ის წითელი ხაზები გააცნეს, რომელთა გადაკვეთაც მიუღებელი იქნება უკრაინა-რუსეთის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებაში.

"ჩვენთვის ერთადერთი მნიშვნელოვანი მიზანი ფრანგული ინტერესებისა და ევროპული უსაფრთხოების დაცვაა. სწორედ ამიტომ, რადგან აშშ-მ შუამავლის როლის შესრულება გადაწყვიტა, ჩვენ მათ გავაცანით ჩვენი ე.წ. წითელი ხაზები". - თქვა ბარომ.

კომენტარები