რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

კიევის მერის თქმით, მშვიდობის მისაღწევად უკრაინას შესაძლოა, ტერიტორიის დათმობა მოუწიოს

ვიტალი კლიჩკო
Genya Savilov/AFP/Getty Images

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, მშვიდობის მისაღწევად უკრაინას შესაძლოა, რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობა მოუწიოს. 

ამის შესახებ კლიჩკომ 24 აპრილს ოკუპანტების მიერ კიევზე მიტანილი მასშტაბური იერიშიდან რამდენიმე საათში განაცხადა. 

"ერთ-ერთი სცენარი არის ტერიტორიების დათმობა. ეს სამართლიანი არ არის. თუმცა მშვიდობისთვის, დროებითი მშვიდობისთვის, შეიძლება გამოსავალი იყოს". - თქვა კლიჩკომ. 

ამასთან, BBC-სთან საუბრისას კიევის მერმა თქვა, რომ უკრაინა "არასდროს მიიღებს რუსეთის ოკუპაციას". 

როგორც Telegraph წერს, აშშ-ს მიერ რუსეთთან თებერვალში დაწყებული სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ კლიჩკო პირველი უკრაინელი პოლიტიკოსია, რომელიც გამოტყდა, რომ კიევს შესაძლოა, აგრესორისთვის ტერიტორიების დათმობა მოუწიოს. 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ ნოემბერში მიანიშნა, რომ ის ტერიტორიების დროებით დათმობისთვის მზად იყო, თუ უკრაინის დანარჩენი ნაწილის უსაფრთხოებაზე NATO იზრუნებდა. 

ცნობისთვის, ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გასულ კვირაში პარიზში უკრაინასთან და ევროპელ მოკავშირეებთან გამართულ შეხვედრაზე ტრამპის გუნდი გამოვიდა წინადადებით, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, აშშ-მ რუსეთის მიერ 2014 წელს ოკუპირებული უკრაინული რეგიონი, ყირიმი რუსეთის ნაწილად აღიაროს, ხოლო მიმდინარე ომის ფრონტის ხაზი გაიყინოს. 

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრავალჯერ განუცხადებია, რომ კიევი ნახევარკუნძულს მოსკოვს არ გადასცემს. 

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 23 აპრილს ზელენსკის საპასუხოდ Truth Social-ზე დაწერა, რომ "ზელენსკის არავინ სთხოვს ყირიმის აღიარებას" და მისი განცხადებები "რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის დამაზიანებელია".

რუსეთში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი დღეს, 25 აპრილს მოსკოვში ჩავიდა. უიტკოფი უკრაინის საკითხზე სალაპარაკოდ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება. 

კომენტარები