აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებები ყირიმის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის დამაზიანებელია და ომის დასრულების პროცესს მხოლოდ ართულებს. ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ში წერს.
"უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი The Wall Street Journal-ის პირველ გვერდზე ამაყად აცხადებს, რომ "უკრაინა სამართლებრივად არასდროს აღიარებს ყირიმის ოკუპაციას და აქ სასაუბრო არაფერია" – ეს განცხადება არის ძალიან დამაზიანებელი რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, რადგან ყირიმი წლების წინ უკვე დაკარგული იყო ბარაკ ობამას მმართველობის დროს და ეს არც კი წარმოადგენს დისკუსიის თემას.
ზელენსკის არავინ სთხოვს აღიაროს ყირიმი რუსეთის ტერიტორიად, მაგრამ თუ მას ყირიმი სურს, რატომ არ იბრძოდნენ მისთვის 11 წლის წინ, როდესაც ის რუსეთს გადასცეს ისე, რომ ტყვიაც არ გავარდნილა? ეს რეგიონი ამავდროულად, მრავალი წლის განმავლობაში – "ობამას მიერ გადაცემამდე" რუსეთის წყალქვეშა ნავების მთავარი ბაზაც იყო. ზელენსკის სწორედ მსგავსი, წამაქეზებელი განცხადებები ართულებს ამ ომის დასრულების პროცესს.
მას საამაყო არაფერი აქვს! უკრაინის მდგომარეობა კატასტროფულია – მას შეუძლია აირჩიოს მშვიდობა, ან გააგრძელოს ომი კიდევ სამი წლით, სანამ ქვეყანას სრულად დაკარგავს. მე რუსეთთან არავითარი შეხება არ მაქვს, თუმცა, ძალიან მაწუხებს ის ფაქტი, რომ ყოველკვირეულად საშუალოდ ხუთი ათასი რუსი და უკრაინელი ჯარისკაცი სრულიად უაზროდ იღუპება.
ზელენსკის მიერ დღეს გავრცელებული განცხადება მხოლოდ გაახანგრძლივებს ამ "სასაკლაოს" და ეს არავის სურს! ჩვენ ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან, მაგრამ იმ ადამიანმა, რომელსაც "ხელში კარტები აღარ აქვს", ეს ნაბიჯი უნდა გადადგას. დიდი იმედი მაქვს რომ შევძლებ, დავეხმარო უკრაინასა და რუსეთს ამ სრული და ტოტალური ქაოსიდან გამოსვლაში და ეს არც არასდროს დაიწყებოდა, პრეზიდენტი მე რომ ვყოფილიყავი!". - წერს დონალდ ტრამპი.
მანამდე, 23 აპრილს აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა აღნიშნა, რომ აშშ-მ როგორც რუსეთს, ასევე უკრაინას, წარუდგინა "ძალიან მკაფიო წინადადება" სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით და დადებითი პასუხის არ არსებობის შემთხვევაში აშშ "დაანებებს თავს ამ პროცესში მონაწილეობას".
18 აპრილს კი აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან სატელეფონო საუბრის დროს აღნიშნა, რომ თუ მშვიდობისაკენ "ნათელი გზა" უახლოეს მომავალში არ გამოჩნდება, აშშ სამშვიდობო შეთანხმების შუამავლობას შეეშვება.
მანამდე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რამდენიმე დღეში რუსეთსა და უკრაინას შორის პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად შუამდგომლობას შეწყვეტს, თუ მხარეებისგან ცხადი სიგნალი არ წამოვა, რომ შეთანხმება ნამდვილად მიღწევადია.
"ჩვენ ამ მცდელობის გახანგრძლივებას კვირების ან თვეების განმავლობაში არ ვაპირებთ. შესაბამისად, ჩვენ ძალიან სწრაფად უნდა განვსაზღვროთ ახლა და ეს დღეების საკითხია, [მიღწევადია თუ არა შეთანხმება] მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში". - თქვა რუბიომ პარიზში ევროპელ და უკრაინელ ლიდერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.





