აშშ-ჩინეთი

ჩინეთი აცხადებს, რომ აშშ-სთან სავაჭრო მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ

CNBC-ის ცნობით, ჩინეთმა განაცხადა, რომ აშშ-სთან ტარიფებზე არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, მიუხედავად თეთრი სახლის მხრიდან ამ კვირაში გაკეთებული განცხადებებისა, რომ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის შემცირების შესაძლებლობა არსებობდა.

"ამჟამად ეკონომიკასა და ვაჭრობასთან დაკავშირებით ჩინეთსა და აშშ-ს შორის აბსოლუტურად არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს," - განუცხადა ჟურნალისტებს ჩინეთის სავაჭრო სამინისტროს სპიკერმა, ჰე იადონგმა.

მან დაამატა, რომ არცერთი ცნობა ორმხრივ მოლაპარაკებებში პროგრესის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს. ასევე, მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჩინეთი აშშ-ს ცალმხრივად დაწესებული ტარიფების გაუქმებისკენ მოუწოდებს. 

"თუ აშშ-ს ნამდვილად სურს პრობლემის გადაწყვეტა... მან უნდა გააუქმოს ყველა ერთმხრივი გადაწყვეტილება, რომელიც ჩინეთის წინააღმდეგ აქვს მიღებული" - განაცხადა ჰემ.

მიმდინარე კვირის განმავლობაში, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა ჩინეთთან დაძაბულობის შემცირების შესაძლებლობაზე მიანიშნეს.


მანამდე, სი ძინფინგი საჯაროდ გამოეხმაურა დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებს და აღნიშნა, რომ სავაჭრო ომში გამარჯვებული არავინაა, ხოლო ჩინეთს არავის დათრგუნვის მცდელობის არ ეშინია. 

"სავაჭრო ომში გამარჯვებული არავინ იქნება და მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ წასვლა იზოლაციას გამოიწვევს. 70 წელზე მეტია, რაც ჩინეთი ყოველთვის დამოკიდებულია თვითკმარობასა და შრომაზე. არასდროს იყო დამოკიდებული ვინმეს საჩუქრებზე და არ ეშინია არავის მიერ არაგონივრული დათრგუნვის მცდელობის" – ამბობს სი. 

ჩინეთმა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების საპასუხოდ, ამერიკულ საქონელზე იმპორტის გადასახადი 84%-დან ასევე 125%-მდე გაზარდა, რაც ძალაში 12 აპრილს შევიდა.

ცნობისთვის, 10 აპრილს, აშშ-ს თეთრმა სახლმა განმარტა, რომ ჩინურ იმპორტში აშშ-ს ჯამში, სულ მცირე, 145%-იანი ტარიფი აქვს დაწესებული. 

კომენტარები