აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს აზრით, ვაშინგტონმა საკმარისი ძალისხმევა გასწია უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. ამის შესახებ რუბიომ The Free Press-თან ინტერვიუში ისაუბრა.
რუბიოს შეფასებით, "არ არსებობს ამ ომის სამხედრო გადაწყვეტა" და სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც აშშ დიპლომატიური გადაწყვეტის მიღწევას ცდილობს.
"ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ რა არის რუსეთის პოზიცია (ახლა უკეთესად გვესმის, რადგან სამი წლიანი პაუზის შემდეგ ჩვენ მათთან საუბარს დავუბრუნდით), რა არის უკრაინის პოზიცია და ჩვენ უნდა გავიგოთ არიან თუ არა ისინი მსგავს პოზიციებზე, რადგან თუ ისინი სრულიად განსხვავებულ პოზიციებზე არიან, მაშინ, შესაძლოა მივიდეთ დასკვნამდე, რომ მათი აზრები იმდენად შორს დგას ერთმანეთისგან, რომ ამ ეტაპზე მშვიდობა შეუძლებელია". - თქვა რუბიომ.
რუბიოს თქმით, მას სჯერა, რომ აშშ-მ "ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო" და გააგრძელებს ამის კეთებას იქამდე, სანამ "წინსვლის რეალისტური გზა იარსებებს".
"თუ რაიმე ეტაპზე, ჩვენ დავასკვნით, რომ ძალიან შორს ვართ და საკმარისი ნაბიჯები არ იდგება, მაშინ ჩვენ, შესაძლოა, მოგვიწიოს სხვა პრიორიტეტებზე გადასვლა, რადგან მსოფლიოში უამრავი მნიშვნელოვანი რამ ხდება. ეს ჩვენი ომი არ არის". - თქვა რუბიომ.
ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არა აშშ-ზე, არამედ რუსეთსა და უკრაინაზეა დამოკიდებული.
18 აპრილს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან სატელეფონო საუბრის დროს აღნიშნა, რომ თუ მშვიდობისაკენ "ნათელი გზა" უახლოეს მომავალში არ გამოჩნდება, აშშ სამშვიდობო შეთანხმების შუამავლობას შეეშვება.
მანამდე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რამდენიმე დღეში რუსეთსა და უკრაინას შორის პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად შუამდგომლობას შეწყვეტს, თუ მხარეებისგან ცხადი სიგნალი არ წამოვა, რომ შეთანხმება ნამდვილად მიღწევადია.
"ჩვენ ამ მცდელობის გახანგრძლივებას კვირების ან თვეების განმავლობაში არ ვაპირებთ. შესაბამისად, ჩვენ ძალიან სწრაფად უნდა განვსაზღვროთ ახლა და ეს დღეების საკითხია, [მიღწევადია თუ არა შეთანხმება] მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში". - თქვა რუბიომ პარიზში ევროპელ და უკრაინელ ლიდერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.





