გამოცემა Moscow Times-ის ინფორმაციით, რუსმა მაღალჩინოსნებმა მოსკოვში ტრამპ თაუერის აშენების გეგმის გამოცოცხლების შესაძლებლობა განიხილეს, რათა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვაში დაერწმუნებინათ.
საკითხზე ინფორმირებული წყაროების ცნობით, კრემლის მაღალჩინოსნები ტრამპისთვის "დიდი გარიგების" დადების შეთავაზებას განიხილავდნენ, რომელიც 150-სართულიანი ცათამბჯენის აშენებასა და მოსკოვში მისი გახსნის ცერემონიაზე ტრამპის დასწრებას გულისხმობდა.
ერთ-ერთმა რუსმა მაღალჩინოსანმა Moscow Times-თან საუბრისას განაცხადა, რომ მოსკოვის საკრებულო მსგავს პროექტს სიხარულით შეასრულებდა.
გამოცემის ცნობით, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემდეგ, რუს მაღალჩინოსნებსა და დიდ კომპანიებს აშშ-სთან თანამშრომლობის გაგრძელების მიზნით შესათავაზებელი წინადადების მომზადება დაავალეს, კონკრეტულად იმაზე აქცენტით, თუ რა შეიძლება სურდეს ტრამპს.
წყაროს თქმით, შესაძლო იდეების მოფიქრებაში Rosneft, Rosatom, Rusal და Polyus Gold-ის კომპანიებიც ჩართეს. გამოცემის ინფორმაციით, ცათამბჯენის პროექტის უპირატესობა იმაში მდგომარეობდა, რომ მისი დაწყება სწრაფად იყო შესაძლებელი.
"სისწრაფე, ეფექტი და სპექტაკლია მნიშვნელოვანი - ყველაფერი, რასაც ტრამპი ინტუიციურად ღირებულად თვლის". - თქვა წყარომ გამოცემასთან საუბრისას.
ტრამპმა მოსკოვში 58-სართულიანი ცათამბჯენის აშენების იდეა თავდაპირველად 2013 წელს, "მის სამყაროს" კონკურსის ფინალზე ვიზიტისას, გააჟღერა, თუმცა განცხადების მიღმა იდეის სისრულეში მოყვანის მხრივ რეალური გეგმები არ ყოფილა.
ხოლო ორი წლის შემდეგ რუსი წარმოშობის ამერიკელმა დეველოპერმა, ფელიქს სატერმა, ტრამპს მოსკოვში ცათამბჯენის აშენება შესთავაზა და 2015 წლის შემოდგომაზე ნიუ-იორკელმა არქიტექტორმა სამომავლო შენობის პროექტიც შეადგინა, თუმცა, ტრამპის საარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ გეგმები ჩაიშალა.