რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

უკრაინის დელეგაცია პარიზში "მსურველთა კოალიციის" წევრებთან შესახვედრად ჩავიდა

17 აპრილს უკრაინის დელეგაცია პარიზში მსურველთა კოალიციის პოტენციურ წევრებთან და აშშ-ს ოფიციალურ პირებთან შესახვედრად ჩავიდა. კერძოდ, უკრაინის მხრიდან, პარიზში უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიჰა და თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმიეროვი ჩავიდნენ.

ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით ერმაკი თავის Telegram-ზეც ავრცელებს.

"ვიზიტის ფარგლებში მოეწყობა რამდენიმე ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრა იმ ქვეყნების წარმომადგენლებთან, რომლებიც სურვილსა და შესაძლებლობას გამოთქვამენ უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის - განსაკუთრებით საფრანგეთიდან, გერმანიიდან და დიდი ბრიტანეთიდან," - წერს ერმაკი.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ დღის წესრიგში შედის შეხვედრა შეერთებული შტატების წარმომადგენლებთანაც, რომლებიც ამჟამად საფრანგეთში იმყოფებიან:

"ჩვენ ვმუშაობთ უკრაინისა და მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე," - წერს ერმაკი.

შეგახსენებთ, რომ მარტში "მსურველთა კოალიციის" შეხვედრის შემდეგ ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა თქვა, რომ რამდენიმე ქვეყანამ სთხოვა დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს წამყვანი როლი ეთამაშათ უკრაინაში ძალების გაგზავნის საკითხის გარშემო პარტნიორებს შორის კოორდინაციაში და ახლა ეს ორი ქვეყანა ამ ძალისხმევის შემდეგ ეტაპებზე გადაყვანაზეა ფოკუსირებული.

მანამდე, ამავე შეხვედრიდან გამოსულმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ კოალიციის "დამზღვევი ძალები" კონფლიქტის ხაზზე არ იქნება განლაგებული და ისინი კონკრეტულ სტრატეგიულ რეგიონებში განლაგდებიან და სამშვიდობო შეთანხმების აღსრულებისა და რუსეთის შეკავების ფუნქციას შეასრულებენ

კომენტარები