რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

AFP: უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ჯარების გაგზავნის მზაობას 6 ქვეყანა გამოთქვამს

Alex Kraus/Bloomberg via Getty Imagesú

"მსურველთა კოალიციის" წევრებიდან უკრაინაში, ცეცხლის შეწყვეტის შემდგომ პერიოდში, ძალების გაგზავნის მზაობა 6-მა ქვეყანამ გამოთქვა. ინფორმაციას AFP ანონიმურ ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს

აღნიშნულ ქვეყნებს შორის, რომლებიც უკრაინაში ჯარების განლაგებას მოიაზრებენ, არიან გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, ბალტიის ქვეყნები და კიდევ ერთი ქვეყანა, რომლის სახელიც ჯერჯერობით არ საჯაროვდება. კოალიციის სხვა წევრი სახელმწიფოების ლიდერები კი ამბობენ, რომ მათ ამგვარი ნაბიჯის გადადგმამდე მოქმედების დეტალური გეგმა სჭირდებათ. 

AFP-ის გავრცელებულ ინფორმაციაში, უკრაინაში ჯარების გაგზავნის მსურველი ქვეყნების რიცხვი ნაკლებია Bloomberg-ის მიერ 9 აპრილს გავრცელებულ რიცხვზე. გამოცემა წერდა, რომ ასეთი სახელწიფოების რიცხვი 15-ს შეადგენდა. 

"მსურველთა კოალიციამ", რომელსაც ბრიტანეთი და საფრანგეთი წინამძღოლობენ, 10 აპრილს ბრიუსელში შეხვედრა გამართა, რომელზეც გეგმის შესახებ მეტი დეტალი გახმოვანდა. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ განმარტა, რომ უკრაინაში გაგზავნილი ძალების უმთავრესი დავალება უკრაინის არმიის გაძლიერება იქნებოდა, ვიდრე ტრადიციული სამშვიდობო ძალების სახით ოპერირება. 

 

"ეს არ არის სამშვიდობო ძალები, რომლებიც ამჟამად მეომარ მხარეებს კონტაქტის ხაზთან გაყოფენ. [...] პუტინის აგრესიის განახლების შეკავების ყველაზე ეფექტიანი საშუალება, ცეცხლის შეწყვეტის გამყარების საუკეთესო გზა თავად უკრაინის შეიარაღებული ძალების სიძლიერეა". - თქვა ჰილიმ. 

მიუხედავად ამისა, 30-წევრიანი კოალიციის სხვა ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათ გეგმაში კვლავაც მეტი სიზუსტე სჭირდებათ. 

"რა არის მანდატი? რაც გავაკეთებდით მოვლენების სხვადასხვანაირი განვითარების დროს, მაგალითად, თუ რუსეთთან ესკალაცია დაიწყებოდა?" - AFP-ს ცნობით, თქვა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა რუბენ ბრეკელმანსმა. 

"კარგი იქნებოდა, სიცხადე ყოფილიყო იმასთან დაკავშირებით, თუ რა შედეგებს მოიტანდა მისია და რას გავაკეთებდით ჩვენ - ეს იქნებოდა სამშვიდობო ძალები, შემაკავებელი, თუ მხარდამჭერი". - თქვა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პალ ჯონსონმა. 

კიდევ ერთი გამოწვევა, რომლის წინაშეც "მსურველთა კოალიცია" დგას, მისიაში აშშ-ს მონაწილეობაა, რომელსაც ლონდონი უყურებს, როგორც აუცილებელ პირობას რუსეთის წინააღმდეგ შემაკავებელი ძალის ეფექტურობისთვის. 

კომენტარები