ქართული ოცნება

TV ფორმულა მელიას დაკავებაზე, "ოცნების" პოლიტსაბჭოს ჩათის "სქრინებს" აქვეყნებს

ტელეკომპანია ფორმულა ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს ჩათის "სქრინებს" აქვეყნებს.

ჩათში მიმოწერა 2021 წლის 17-18 თებერვალს მიმდინარეობს და საუბარი ნიკა მელიას დაკავებას ეხება.

გახარია ჩათში წერს, რომ ენმ-ს ოფისზე შტურმი "უკიდურესად არაგონივრული და გაუმართლებლად მაღალი რისკების" მატარებელია, რაზეც წულუკიანი პასუხობს რომ "სრულიად იზიარებს". გახარიას მოსაზრებას ასევე ეთანხმება სოზარ სუბარიც: "100% ასეა! ზუსტად ამას ვფიქრობდი დღეს" - წერს საუბარი მესიჯში.

"სულელები უნდა ვიყოთ, რომ იქ შევიჭრათ" - წერს წულუკიანი.

"სქრინების" მიხედვით, 17 თებერვალს, 23:59 საათზე გახარია ჩათში შემდეგ შეტყობინებას წერს:

"ვთვლი, რომ უნდა გაგიზიაროთ ჩემი პოზიცია მელიას დაკავების გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით.

ვფიქრობ, რომ დაუშვებელია მისი დაკავება დაუყოვნებლივ ენმ-ს ოფისში.

როგორც ხედავთ დღეს იქ იმყოფება ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი, მაქსიმალურად მობილიზებულია ყველა ფიზიკური და ოპოზიციური მედია რესურსი. სრული მზაობა აქვთ ორგანიზებული წინააღმდეგობის გასაწევად მიზანმიმართული პროვოკაციის მოწყობის ჩათვლით.

ამ პირობებში, ოპოზიციური პარტიის შენობის შტურმი უკიდურესად არაგონივრულია და გაუმართლებლად მაღალი რისკების მატარებელია. პოლიციას არ აქვს დახურულ შენობაში ასეთი ტიპის ოპერაციის ჩატარების გამოცდილება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ოპერაციის ჩატარებასთან დაკავშირებულ რისკებს. დადასტურებულად შეიძლება ვთქვათ - ძალის გადამეტების ბევრი შემთხვევა გვექნება.

ყველას კარგად გვესმის, რომ ასეთ პირობებში ოპოზიციური პარტიის ოფისში სპეცოპერაციის ჩატარება ვერ იქნება შეფასებული პროპორციულ ქმედებად, რასაც მოჰყვება უკიდურესად მწვავე საერთაშორისო რეაქცია.

ვთვლი, რომ ამ ვითარებაში მაღალია იმის ალბათობაც, რომ მელიას დაკავების ოპერაცია წარუმატებელი იქნება და შეიძლება ვერ მოხერხდეს მისი შენობიდან გამოყვანა იქ მყოფების დაზიანების გარეშე. დაკავების ოპერაციის არასწორად ჩატარების შემთხვევაში, მელიას გავხდით გმირად და მივცემთ პოლიტიკურ უპირატესობას, რომელიც დღეს ოპოზიციას უბრალოდ არ გააჩნია. ამავე დროს, არ არსებობს არანაირი აუცილებლობა მელიას დაკავება მოხდეს დაუყოვნებლივ - დღეს ან თუნდაც ხვალ.

ვფიქრობ, ყველას გვმართებს მეტი პასუხისმგებლობა და გონივრულობა. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მოხდეს გააზრებულად, რისკების სწორი მართვით და პროპორციული ძალის გამოყენების პრინციპის დაცვით.

ამ პოზიციას გამოვხატავ, როგორც პრემიერმინისტრი, რომელიც პასუხისმგებელია აღმასრულებელი ხელისუფლების, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედებებზე, შესაბამისად, დაკავება უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც რისკები იქნება სწორად გააზრებული და მინიმუმამდე დაყვანილი". - წერს გახარია წერილში.

გახარიას მოსაზრებას პირველი თეა წულუკიანი ეთანხმება, შემდეგ სოზარ სუბარი, მაკა ბოჭორიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, თორნიკე რიჟვაძე და ვანო მაჭავარიანი. 

დღეს ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" გიორგი გახარიამ ნიკა მელიას დაკავებასა და მის გადადგომაზე ისაუბრა. გახარიამ განაცხადა, რომ მელიას დაკავებასთან დაკავშირებით მის პოზიციას ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრები იზიარებდნენ, მაგრამ საქმეში "უხილავი კაცის ხელი" ჩაერთო და მათ აზრი შეიცვალეს.

"ამის შემდეგ, ბევრი პოლიტსაბჭოს და მთავრობის წევრებიც, მე არ ვიტყვი ახლა უმრავლესობას, მაგრამ ძალიან ბევრი იყო ჩემს აზრზე - მერე უცებ ეს ხალხი ყველა გაქრა - ეს იყო ის უხილავი კაცის ხელი." - თქვა გახარიამ სხდომაზე.

კომენტარები