რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მერცის თქმით, სუმიზე რუსების იერიში "მიზანმიმართული ომის დანაშაული იყო"

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი, ფრიდრიხ მერცი
Krisztian Bocsi/Bloomberg

გერმანიის მომავალმა სავარაუდო კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ომის დანაშაულების ჩადენაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც 13 აპრილს უკრაინულ ქალაქ სუმიზე რუსულ სარაკეტო იერიშს 34 ადამიანი, მათ შორის, ბავშვები ემსხვერპლა. მერცის კომენტარს Deutsche Welle ავრცელებს

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას 13 აპრილს თქვა, რომ სუმიზე რუსების მომაკვდინებელი თავდასხმა "მიზანმიმართული და წინასწარ გათვლილი ომის დანაშაული იყო". 

"იერიშების ორი ტალღა იყო. მეორე მიიტანეს მაშინ, როდესაც სასწრაფო დახმარების მუშაკები [პირველის] მსხვერპლზე ზრუნავდნენ. ეს არის პასუხი. ეს არის ის, რასაც პუტინი უკეთებს მათ, ვინც მას ცეცხლის შეწყვეტაზე ელაპარაკება. 

ჩვენი სურვილი, რომ მასთან მოვილაპარაკოთ, აღიქმება არა როგორც სერიოზული შეთავაზება მშვიდობის დასამყარებლად, არამედ როგორც სისუსტე". - თქვა მერცმა. 

მომავალმა კანცლერმა ასევე გაიმეორა მისი მხარდაჭერა იმ იდეის მიმართ, რომ გერმანიამ უკრაინას Taurus-ის ტიპის შორი რადიუსის რაკეტები მიაწოდოს. მერცის თქმით, ასეთი გადაწყვეტილება ევროპელ მოკავშირეებთან კოორდინირების საფუძველზე იქნება მიღებული. 

გერმანიის მოქმედმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა, რომელიც თანამდებობას მაისში დატოვებს, აქამდე უარი განაცხადა უკრაინისთვის Taurus-ის ტიპის რაკეტების გადაცემაზე, რადგან ის მიიჩნევდა, რომ ამგვარი ქმედება კონფლიქტის შემდგომ ესკალაციას გამოიწვევდა. 

ცნობისთვის, 13 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე, რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ სუმიზე მიტანილ სარაკეტო იერიშს 34 ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც, ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა 117 ადამიანი. 

კომენტარები