რუსეთი-საქართველო

რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად მზად არის – გალუზინი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა ქართული ოცნების პოლიტიკა კიდევ ერთხელ შეაქო და თქვა, რომ რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად მზად არის, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ არ აპირებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების "სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის" აღიარებას გადახედოს.

ამის შესახებ გალუზინმა რუსული პროპაგანდისტული მედიისთვის, Известия-სთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა. 

გალუზინის თანახმად, რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არა რუსეთმა, არამედ წინა ხელისუფლებამ გაწყვიტა, რომელმაც, მისი მტკიცებით, ცხინვალის მოსახლეობასა და რუსეთის სამშვიდობო ძალებზე "აგრესია სცადა". რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სავარაუდოდ, წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიაზე მიუთითა და ხაზი გაუსვა, რომ ახლა საქართველოში სააკაშვილს "ამის გამო უმკაცრესად აკრიტიკებენ" და მის წინააღმდეგ მრავალი საქმე არის აღძრული.

გალუზინმა შეაქო ქართული ოცნების მხრიდან გაკეთებული განცხადებები ე.წ. სამხრეთ ოსეთისათვის და აფხაზეთისთვის ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით  და ისინი "ჯანმრთელად" მოიხსენია. მანვე გამოთქვა იმედი, რომ ეს განცხადებები ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტულ რეჟიმებთან ურთიერთობის "ნორმალიზაციის მიმართულებით" გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებში გადაითარგმნება.

"რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არა ჩვენ, არამედ სააკაშვილმა გაწყვიტა, მას შემდეგ, რაც ამ რეჟიმმა აგრესია სცადა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის, რუსი სამშვიდობო ძალების და, შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ახლა საქართველოში სააკაშვილის რეჟიმს ამის გამო უმკაცრესად აკრიტიკებენ, თავად მის წინააღმდეგ კი უამრავი სასამართლო საქმე არის აღძრული.

გასული წლის შემოდგომაზე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაჟღერდა ძალიან ჯანმრთელი განცხადებები სამხრეთ ოსეთის ერისადმი ბოდიშის მოხდის აუცილებლობის შესახებ, შერიგების მიღწევის განზრახვასთან დაკავშირებით. როგორც მახსოვს, ასეთივე განწყობა აქვს ოფიციალურ თბილისს აფხაზეთთან მიმართებით. ეს, რა თქმა უნდა, დადებითი გზავნილია. ვიმედოვნებთ, რომ ისინი გამოიხატება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაციის მიმართულებით გადადგმული კონკრეტული ნაბიჯებით, რაც ამჟამინდელი რეალობის საღ აღქმაზე იქნება დაფუძნებული". - თქვა გალუზინმა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის "სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის" აღიარების გაუქმებას არ აპირებს, თუმცა, მზად არის, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა "ყოველმხრივ კიდევ უფრო განავითაროს". გალუზინმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის მჭიდრო ეკონომიკური ბმები არსებობს. 

"ვწუხვართ იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას კვლავაც უკავშირებს ჩვენს პოზიციას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან. არაერთხელ განგვიცხადებია და მზად ვარ, ეს გავიმეორო, რომ რუსეთის ფედერაციის 2008 წლის აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადახედვას არ ექვემდებარება. 

მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ, რომ საქართველოსთან ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობა ყოველმხრივ კიდევ უფრო განვავითაროთ, ხოლო ამისთვის ძალიან ბევრი შესაძლებლობა არსებობს, საქართველოსთვის რუსეთი მრავალი მიმართულებით საკვანძო ბაზრად რჩება, კერძოდ, ღვინის პროდუქტებისა და ხილის მხრივ. მეორე მხრივ, რუსეთი საქართველოში ენერგორესურსებისა და მარცვლეულის წამყვანი მიმწოდებელია". - თქვა გალუზინმა.

გალუზინის თანახმად, საქართველოსა და რუსეთს "საერთო ისტორია, საერთო რწმენა" აკავშირებთ და ქვეყნებს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად რუსეთმა "მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა", კერძოდ, პირდაპირი ფრენები და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აღადგინა. მანვე დაამატა, რომ რუსეთი მზად არის, დიპლომატიური ურთიერთობებიც აღადგინოს და მზადაა, "წავიდეს იმდენად შორს, რამდენადაც ქართული მხარე იქნება მზად". 

"რუსეთსა და საქართველოს საერთო ისტორია, საერთო რწმენა, კულტურულ-ჰუმანიტარული, ადამიანური ბმები აერთიანებთ. რუსულმა მხარემ, რომელიც ხელმძღვანელობდა ჩვენს ქვეყნებსა და ერებს შორის ისტორიულად მჭიდრო კავშირებისა და ორი ერის საკეთილდღეოდ ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის ყოველმხრივი განვითარების აუცილებლობის გააზრებით, ბოლო წლებში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. კერძოდ, რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგა. საქართველოს მოქალაქეებისთვის შემოსვლისას უვიზო რეჟიმი აღდგა. რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, ჩვენ მზად ვართ, რომ ისინი აღვადგინოთ. მზად ვართ, წავიდეთ იმდენად შორს, რამდენადაც ქართული მხარე იქნება მზად. ამ მხრივ ჩვენთვის შეზღუდვები არ არსებობს". - თქვა გალუზინმა. 

ჟურნალისტის კითხვას, მზად იქნება თუ არა რუსეთი, რომ საქართველოს მხრიდან გზავნილის შემთხვევაში მასთან დიპლომატიური და პოლიტიკური კონტაქტები აღადგინოს, გალუზინი პასუხობს, რომ ეს, "სავარაუდოდ, მართალია". 

"დიპლომატებს არ უყვართ პასუხის გაცემა ისეთ კითხვებზე, რომლებიც იწყება სიტყვით "თუკი", თუმცა მოცემულ შემთხვევაში, ვიტყოდი, რომ სავარაუდოდ მართალი ხართ". - თქვა გალუზინმა. 

მანამდე, გასული წლის დეკემბერში გალუზინმა თქვა, რომ მოსკოვი კვლავ მზადაა თბილისთან ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის.

ცნობისთვის, გალუზინს მმართველი პარტიის პოლიტიკა არაერთხელ შეუქია. 

2024 წლის 14 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილმა შემდეგი სიტყვები თქვა: "დღეს ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი". ეს წინადადება, განცალკევებულად რომ ავიღოთ, ნაწილობრივ ჭეშმარიტებაა. 2008 წლის ომი, პირველ რიგში, რუსეთის სურვილი იყო. თუმცა, რა თქმა უნდა, ივანიშვილი ამას არ გულისხმობდა. ქართული ოცნების დამაარსებელმა საკუთარი პარტიის მიერ წლების განმავლობაში გავრცელებული ნარატივი, თითქოს 2008 წლის ომში დამნაშავე საქართველოა, ახალ საფეხურზე გადაიყვანა. ივანიშვილის აზრით, ქართველებმა ოსებს ბოდიში უნდა მოუხადონ.

რისთვის იხდის ივანიშვილი ბოდიშს – ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანია აგვისტოს ომზე

"26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები." - თქვა ივანიშვილმა.

კომენტარები