აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ტემი ბრიუსმა თქვა, რომ რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდაზე მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა დევს. მისივე თქმით, სანამ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა არ მიიღწევა, აშშ რუსეთთან სხვა დინამიკის განხილვას ან ხელშეწყობას არ აპირებს.
ამის შესახებ ბრიუსმა ჟურნალისტებთან საუბრისას ილაპარკაა.
ბრიუსმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად დააზუსტა, რომ აშშ-სა და რუსეთის მიერ პატიმრების გაცვლა რუსეთ-უკრაინის ომს არ უკავშირდება.
"ვფიქრობ, პრეზიდენტმა ძალიან ნათლად გამოხატა, რომ რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდაზე მხოლოდ ერთი რამ დევს და ეს არის ცეცხლის შეწყვეტა, რომ არ არსებობს სხვა დინამიკა, რომელსაც განვიხილავთ ან ხელს შევუწყობთ, სანამ ეს არ მოგვარდება". - თქვა ბრიუსმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
სახდეპის სპიკერის თქმით, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტასა და სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას რუსეთის მზადყოფნასთან დაკავშირებით "სერიოზულად უნდა მიუდგეს".
"ვფიქრობ, ყველას ესმის, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამაში ჩართულია. მსოფლიოში საუკეთესო დიპლომატები გვყავს, რომლებსაც, რა თქმა უნდა, სახელმწიფო მდივანი რუბიო ხელმძღვანელობს. მთლიანმა ჩვენმა ხელმძღვანელობამ, თუმცა განსაკუთრებით პრეზიდენტმა ტრამპმა და მდივანმა რუბიომ საჯაროდ, ცხადყვეს, თუ რა დევს სასწორზე, როდესაც საქმე იმას ეხება, თუ როგორ დასრულდება ეს სიტუაცია. ეს არის დინამიკა, რომელიც სამხედრო გზით ვერ მოგვარდება. ეს არის ხორცსაკეპი მანქანა. სანამ სროლა და ხოცვა არ შეწყდება, საბოლოო შედეგთან დაკავშირებით სხვა ვერაფერს ვერ განვიხილავთ.
მდივანმა რუბიომ NATO-სთან პრესკონფერენციაზე ცხადყო, რომ რამდენიმე კვირაში გვეცოდინებოდა, რუსეთი სერიოზულად უდგება თუ არა. ასე რომ, მის სიტყვას ვენდოთ. რუსეთმა ეს ნამდვილად სერიოზულად უნდა მიიღოს და ამას დაველოდებით. ეს ექვსი თვის ან წელიწადის ან სხვა დროის განმავლობაში არ გაგრძელდება. პრეზიდენტმა ასევე ნათლად თქვა, რომ ჩვენ დიპლომატია გვსურს, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ პროცესის განვითარების პარალელურად ვაკვირდებით და განვსჯით". - თქვა ბრიუსმა.
ბრიუსმა განმარტა, რომ აბუ დაბიში მიმდინარე შეხვედრის ფონზე აშშ-სა და რუსეთს შორის პატიმრების მორიგი გაცვლა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს არ უკავშირდება და მათზე არ აისახება. სახდეპის სპიკერმა ხაზი გაუსვა, რომ ტრამპი წინასაარჩევნოდ დაკავებული ამერიკელების დაბრუნებაზე ლაპარაკობდა.
"ეს არის პირობა, რომელიც მან დადო კამპანიის განმავლობაში და ეს არის მისი ადმინისტრაციის განმასხვავებელი ნიშან-თვისება და ის მან შეასრულა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეს ახალგაზრდა ქალია, რომელიც დაბრუნდა. ვფიქრობ, აშკარაა, რომ ეს მიმდინარე ჩარჩოა, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ სტივენ ჰაბარდი ისევ იქ არის დაკავებული. ნებისმიერ შემთხვევაში, სიტუაციის შესაბამისად ქვეყნის შერჩევას არ ვაპირებთ. პრეზიდენტი იმოქმედებს იმ ამერიკელებისთვის, რომლებიც გასათავისუფლებლები არიან". - თქვა ბრიუსმა.
მანამდე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ თქვა, რომ კონგრესის მხრიდან გაიზრდება ზეწოლა, რომ რუსეთს სანქციები დაუწესდეს, ტრამპის ადმინისტრაცია კი "მას ვერ შეაჩერებს", თუ "მშვიდობის გზაზე არანაირი პროგრესი" არ იქნება.
ამავე პრესკონფერენციაზე რუბიომ თქვა, რომ მალე გაიგებენ, მართლა სურს თუ არა რუსეთს მშვიდობა და თუ მოსკოვი ვითარებას სტრატეგიულად აჭიანურებს, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მათ მახეში არ გაებმება.
რუბიომ ხაზი გაუსვა, რომ თუ რუსეთი მოლაპარაკებებს გააჭიანურებს, პრეზიდენტი ტრამპი ამით დაინტერესებული არ იქნება.
- რუბიო: ტრამპი რუსეთთან დაუსრულებელი მოლაპარაკებების მახეში არ გაებმება
- რუბიო: თუ რუსეთი უბრალოდ მოლაპარაკებების გაჭიანურებას ცდილობს, აშშ პოზიციას გადახედავს
"ჩვენ მალე გავიგებთ, რამდენიმე კვირაში, თვეებში არა, მართლა უნდა თუ არა რუსეთს მშვიდობა. მე ვისურვებდი, რომ უნდოდეთ. მსოფლიოსთვის კარგი იქნება, თუ ეს ომი დასრულდება. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს წინადადება უნდა გამოვცადოთ." - თქვა რუბიომ.





