აქციების დროს დაკავებული 8 პირის მომდევნო სასამართლო პროცესი, 23 აპრილს 15:00 საათზე, დაცვის მხარის შესავალი სიტყვით გაგრძელდება. დღეს, 7 აპრილს, საქმის არსებითი განხილვის ეტაპის პირველი სხდომა გაიმართა. საქმე მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა განიხილა.
დღევანდელ პროცესზე შესავალი სიტყვა პროკურატურამ წარმოთქვა. ასევე გაიწერა არსებითი განხილვის მომდევნო სხდომების გრაფიკი, 2 მაისი 11:00 საათი, 7 მაისი 12:00 საათი, 14 მაისი 11:00 საათი, 21 მაისი 13:00 საათი და 30 მაისი 11:00 საათი.
დღევანდელ პროცესზე, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა აქციების დროს დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესზე დარბაზის შეცვლის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
დარბაზის შეცვლის თხოვნით მოსამართლეს ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა მიმართა. რადგან დარბაზში ერთ-ერთ ბრალდებულს დენი ურტყამდა. გარდა ამისა, შუამდგომლობის მეორე საფუძველი დარბაზში არსებული უჰაერობა იყო.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ სასამართლოს საქმეში ახალი მტკიცებულების დაშვების შუამდგომლობით მიმართა. საუბარია ერთ-ერთი სამართალდამცველის ექსპერტიზის პასუხზე. პროკურატურის მტკიცებით, ამ ექსპერტიზით დასტურდება, რომ ბრალდებულების მიერ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის შედეგად, მან სხეულის სხვადასხვა ნაწილის დაზიანება მიიღო.
დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ადვოკატების განცხადებით, მტკიცებულება საქმესთან შემხებლობაში არაა და არ დასტურდება, რომ დაზიანება ბრალდებულების მიერაა მიყენებული.
სხდომაზე ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მოსამართლეს მიმართა, რომ სამართალდამცველს წვივი ჰქონდა დაზიანებული და მხოლოდ ბეტადინი დასჭრიდა, თუთბერიძის თქმით, ახლა პროკურატურას უნდა, რომ ბრალდებულებს "ჩაუდოს ეგ ჭრილობა".
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ექსპერტიზის დასკვნა დასაშვებ მტკიცებულებად ცნო და საქმეს დაურთო. მჭედლიშვილის განცხადებით, ექსპერტიზა "რელევანტური და ავთენტურია".
სამ ბრალდებულს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან - მათ 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ხუთს კი - ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.





