მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა აქციების დროს დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესზე დარბაზის შეცვლის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სხდომა უფრო დიდ დარბაზში გაგრძელდება.
დარბაზის შეცვლის თხოვნით მოსამართლეს ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა მიმართა. რადგან დარბაზში ერთ-ერთ ბრალდებულს დენი ურტყამდა. გარდა ამისა, შუამდგომლობის მეორე საფუძველი დარბაზში არსებული უჰაერობა იყო.
"რაც შეეხება შუამდგომლობას, ვითხოვეთ დარბაზის შეცვლა, იმიტომ რომ როგორ წარმოგიდგენიათ, ერთ-ერთი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც აცხადებს იმას, რომ ელექტროენერგია ურტყამს მას და ეუბნებიან, რომ ხელი აღარ დაადო მაგ ადგილს. მის სიცოცხლეს საფრთხე ექმნება და პროცესი უნდა გაგრძელდეს?! ამიტომ პირველი ამ საფუძვლით დარბაზის შეცვლა მოვითხოვე, მეორე იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულ დარბაზში რამდენიმე ხნის წინ ზუსტად ეს ადამიანები ცუდად გახდნენ უჰაერობისგან. ელემენტარული ადამიანები ვერ შემოდიან. თუ არ არის შესაძლებლობა დარბაზის შეცვლის. მაშინ პროცესი გადაიდოს და მაშინ ჩატარდეს, როცა შესაძლებელი იქნება". - განაცხადა ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული 8 პირის საქმის არსებითი განხილვის ეტაპის პირველი სხდომა მიმდინარეობს.
სამ ბრალდებულს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან - მათ 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ხუთს კი - ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.





