თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული 8 პირის საქმის არსებითი განხილვის ეტაპის პირველი სხდომა მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განიხილავს.
ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა მოსამართლეს დარბაზის შეცვლის შუამდგომლობით მიმართა. როგორც ავსაჯანიშვილი ამბობს, ერთ-ერთ ბრალდებულს დარბაზში დენი ურტყამს. მოსამართლემ საკითხის გასარკვევად სხდომაზე შესვენება გამოაცხადა.
"რაც შეეხება შუამდგომლობას, ვითხოვეთ დარბაზის შეცვლა, იმიტომ რომ როგორ წარმოგიდგენიათ, ერთ-ერთი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც აცხადებს იმას, რომ ელექტროენერგია ურტყამს მას და ეუბნებიან, რომ ხელი აღარ დაადო მაგ ადგილს. მის სიცოცხლეს საფრთხე ექმნება და პროცესი უნდა გაგრძელდეს?! ამიტომ პირველი ამ საფუძვლით დარბაზის შეცვლა მოვითხოვე, მეორე იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულ დარბაზში რამდენიმე ხნის წინ ზუსტად ეს ადამიანები ცუდად გახდნენ უჰაერობისგან. ელემენტარული ადამიანები ვერ შემოდიან. თუ არ არის შესაძლებლობა დარბაზის შეცვლის. მაშინ პროცესი გადაიდოს და მაშინ ჩატარდეს, როცა შესაძლებელი იქნება". - განაცხადა ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ სასამართლოს საქმეში ახალი მტკიცებულების დაშვების შუამდგომლობით მიმართა. საუბარია ერთ-ერთი სამართალდამცველის ექსპერტიზის პასუხზე. პროკურატურის მტკიცებით, ამ ექსპერტიზით დასტურდება, რომ ბრალდებულების მიერ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის შედეგად, მან სხეულის სხვადასხვა ნაწილის დაზიანება მიიღო.
დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ადვოკატების განცხადებით, მტკიცებულება საქმესთან შემხებლობაში არაა და არ დასტურდება, რომ დაზიანება ბრალდებულების მიერაა მიყენებული.
სხდომაზე ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მოსამართლეს მიმართა, რომ სამართალდამცველს წვივი ჰქონდა დაზიანებული და მხოლოდ ბეტადინი დასჭრიდა, თუთბერიძის თქმით, ახლა პროკურატურას უნდა, რომ ბრალდებულებს "ჩაუდოს ეგ ჭრილობა".
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ექსპერტიზის დასკვნა დასაშვებ მტკიცებულებად ცნო და საქმეს დაურთო. მჭედლიშვილის განცხადებით, ექსპერტიზა "რელევანტური და ავთენტურია".
სამ ბრალდებულს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან - მათ 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ხუთს კი - ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.





