რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსების იერიშის შედეგად კრივოი როგში დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

5 აპრილს რუსების მიერ უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი როგზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, 20-მდე გაიზარდა. ამასთან, ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 75 ადამიანი. 

რუსებმა კრივოი როგზე იერიში Iskander-M-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს. რაკეტების სამიზნე ქალაქის საცხოვრებელი უბანი გახდა, რომელთანაც ახლოს სათამაშო მოედანი იყო. 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსული თავდასხმის შედეგად დაიღუპა 9 ბავშვი.

"ერთადერთი მიზეზი, რატომაც ეს გრძელდება: რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა არ სურს და ჩვენ ამას ვხედავთ". - დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.

იერიშის შედეგების ამსახველი მასალა, რომელიც მედიაში ვრცელდება, ასახავს ერთ-ერთ მსხვერპლს სათამაშო მოედანზე, დაღუპულ ადამიანებს გზებზე და 10-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს, რომელსაც რუსებმა დაარტყეს. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით განაცხადა, რომ მათი "მაღალი სიზუსტის სარაკეტო იერიშის" სამიზნე "დანაყოფების მეთაურებისა და დასავლელი ინსტრუქტორების" შეხვედრა იყო რესტორანში და იერიშის შედეგად 85 ადამიანამდე დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ცხადია, მტკიცებულება არ წარუდგენია. 

უკრაინის არმიამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საპასუხოდ განაცხადა, რომ მოსკოვი ყალბ ინფორმაციას ავრცელებს, რათა "მისი ცინიკური დანაშაულის" დამალვა სცადოს. არმიის თქმით, მოსკოვმა Iskander-M-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტები კასეტური ქობინით გაუშვა, რათა მსხვერპლი მაქსიმალური ყოფილიყო. 

იერიში რუსეთის მიერ 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი იყო. 

სარაკეტო იერიშის შემდეგ, რუსეთმა კრივოი როგზე უპილოტო საფრენი აპარატებითაც მიიტანა იერიში, შედეგად დაიღუპა ერთი ქალი.

ქალაქში რამდენიმედღიანი გლოვაა გამოცხადებული.

 

კომენტარები