რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

აშშ-ს ევროპული სარდლობის მეთაურის თქმით, კიევი რუსეთის ტერიტორიის ნაწილს კვლავ აკონტროლებს

კრისტოფერ კავოლი  
AP Photo

4 აპრილს, აშშ-ს არმიის გენერალმა, კრისტოფერ კავოლმა ევროპისა და აფრიკის უსაფრთხოების შესახებ კონგრესის მოსმენაზე თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის კურსკის რეგიონის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ, მიუხედავად კრემლის წინსვლის მცდელობისა. კავოლი აშშ-ს ევროპული სარდლობის ხელმძღვანელია.  

გენერალმა კონგრესის სხდომაზე თქვა, რომ უკრაინელებმა ასევე შეაღწიეს რუსეთის ბელგოროდის რეგიონშიც, რითიც მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე კონტროლი გაზარდეს.

"ამჟამად არსებობს მნიშვნელოვანი ძალა, რომელიც აკონტროლებს მნიშვნელოვან – შემცირებულ, მაგრამ მაინც მნიშვნელოვან – ტერიტორიას რუსეთის კურსკის ოლქში. ასევე, ისინი ბელგოროდის სამხრეთ ნაწილში ძალიან კარგად გამაგრებულ თავდაცვით პოზიციებზე იმყოფებიან. უკრაინელებმა ორი კვირის წინ მცირე კონტრშეტევა განახორციელეს და რუსეთის ტერიტორიაზე ბელგოროდის მიმართულებით წინ წაიწიეს. ასე რომ, ამ არეალში ბრძოლები კვლავაც გრძელდება." – განაცხადა კავოლიმ  

გენერალი კავოლი არის პირველი სამხედრო მაღალჩინოსანი, რომელმაც დაადასტურა, რომ უკრაინულმა ძალებმა ბელგოროდის რეგიონში შეაღწიეს.

მარტში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის არმია პრევენციულ ზომებს იღებს რუსეთის საზღვართან, რათა მოსკოვის მიერ ჩრდილო-აღმოსავლეთ სუმისა და ხარკოვის რეგიონებზე დაგეგმილი ფართომასშტაბიანი შეტევა შეაჩეროს.  

კავოლიმ ბრძოლის ველზე მიმდინარე მოვლენების უფრო ზოგადი შეფასებისას აღნიშნა, რომ უკრაინული არმია ახლა ძლიერ თავდაცვით პოზიციებშია და ამ პოზიციების გასამაგრებლად ახალი ჯარისკაცების რეკრუტირებისა და წვრთნის შესაძლებლობებს ყოველკვირეულად აუმჯობესებს.

"ამ ეტაპზე რთულია იმის წარმოდგენა, რომ უკრაინამ დიდი შეტევა განახორციელოს და რუსეთის ჯარები მთლიანად განდევნოს ყველა დაკავებული ტერიტორიდან. თუმცა, ამავდროულად, რთულია უკრაინის კოლაფსის და კონფლიქტში სრული დამარცხების წარმოდგენაც. მე არ ვფიქრობ, რომ უკრაინის მარცხი გარდაუვალია... ისინი ახლა ბევრად უკეთეს პოზიციაში არიან, ვიდრე აქამდე" – განაცხადა კავოლიმ.

კომენტარები