აშშ

მარტში აშშ-ში 228 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც მოსალოდნელ მაჩვენებელს ბევრად აჭარბებს

David Paul Morris/Bloomberg/Getty Images via CNN Newsource

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ფედერალური მთავრობიდან ათასობით თანამშრომელი გაათავისუფლა, აშშ-ს ეკონომიკაში 2025 წლის მარტში 228 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც, როგორც ამერიკული მედია წერს, მოსალოდნელ ზრდაზე ბევრად მაღალი მაჩვენებელია. 

ეს ფიგურა, რომელიც აშშ-ს სამუშაო ძალის სტატისტიკის ბიურომ გამოაქვეყნა, ბევრად აღემატება თებერვლის მაჩვენებელს, რომელიც 151 000 სამუშაო ადგილის შექმნას ასახავდა და ამასთანავე, Reuters-ის გამოკითხული ეკონომისტების მიერ პროგნოზირებულ მარტის მაჩვენებელს, რომელიც 135 000-ს შეადგენდა. 

სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდის ამგვარი მაჩვენებელი, ერთი მხრივ, მოულოდნელი იყო იმ მიზეზითაც, რომ ტრამპის მიერ შექმნილმა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტმა ბოლო თვეების განმავლობაში, ფედერალური ბიუროკრატიის შემცირების ძალისხმევის ფარგლებში, რამდენიმე სამთავრობო სტრუქტურა დაშალა და ათასობით ფედერალური თანამშრომელი გაათავისუფლა პოზიციებიდან. 

ზრდის მაჩვენებლის გამოქვეყნების პარალელურად, აშშ-ს ფედერალური რეზერვი განიხილავს ორ მნიშვნელოვან გამოწვევასთან - ეკონომიკური ზრდის შენელებასა და განგრძობად ინფლაციასთან გამკლავების გზებს. ორივე გამოწვევა, როგორც ამერიკელი ეკონომისტები ამბობენ, შესაძლოა, ტრამპის მიერ 2 აპრილს ყველა ქვეყნისთვის საპასუხო ტარიფების დაწესების გამო გამწვავდეს. 

ტრამპის მიერ 2 აპრილს, როგორც ის მას უწოდებს - "გათავისუფლების დღეს", 185 ქვეყანაზე დაწესებული ტარიფების შედეგად საფონდო ბირჟებზე აქციების ფასები დაეცა, ამერიკული დოლარი სხვა მოწინავე ვალუტებთან მიმართებით შედარებით გაუფასურდა, ნედლი ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად დაეცა და სხვა. 

კომენტარები