ტრამპის ტარიფები

ტრამპის ტარიფებისა და OPEC-ის მიერ წარმოების ზრდის ფონზე, ნედლი ნავთობის ფასები დაეცა

Anthony Prieto/Bloomberg

OPEC-ის წევრი ქვეყნების მხრიდან ნავთობის წარმოების გაზრდის დაანონსების პარალელურად და მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 აპრილს სავაჭრო პარტნიორი სახელმწიფოების წინააღმდეგ საყოველთაო ტარიფები გამოაცხადა, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასებმა ვარდნა დაიწყო და, 4 აპრილის მონაცემებით, 2021 წლის კორონავირუსის პანდემიის პერიოდის მაჩვენებლისკენ მიემართებოდა. 

ნიშნული კიდევ უფრო ჩამოვარდა, როდესაც დღეს ჩინეთმა დააანონსა, რომ აშშ-დან იმპორტირებულ პროდუქციაზე დამატებით 34%-იან ტარიფებს დააწესებს.

ჩინეთის კომერციის მინისტრმა 4 აპრილს განაცხადა, რომ აშშ-დან ჩინეთში შესულ ყველა სახის პროდუქციაზე ტარიფები ძალაში 10 აპრილიდან შევა.

ცნობისთვის, ტრამპის მიერ გამოცხადებული ბოლო ტარიფების შედეგად, აშშ-ს მხრიდან ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებულმა ტარიფებმა საშუალოდ 65% შეადგინა, მანამდე უკვე არსებული სავაჭრო ბარიერების გათვალისწინებით. წინა პერიოდში ტრამპს ჩინეთის წინააღმდეგ უკვე გამოცხადებული ჰქონდა 20%-იანი ტარიფი.

გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, Brent-ის ფიუჩერსები $3.48-ით, იგივე 5%-ით, დაეცა და თბილისის დროით 11:24 საათზე ერთ ბარელზე $66.66-მდე ჩამოვიდა, ხოლო აშშ-ს West Texas Intermediate-ის ფიუჩერსები $3.55-ით, იგივე 5.3%-ით, დაეცა და $63.30-ზე ჩამოვიდა.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 აპრილს ათეულობით სავაჭრო პარტნიორი სახელმწიფოს წინააღმდეგ "საპასუხო ტარიფები" გამოაცხადა, რის მიზეზადაც მან წლობით არსებული "არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკები" დაასახელა.

ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ ყველა სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოსაც, საბაზისო, 10%-იან ტარიფს დაუწესებს, ხოლო ზოგიერთი მათგანისთვის უფრო მკაცრი ტარიფებია გათვალისწინებული, მათ შორის, დამატებით 34%-იანი ტარიფი ჩინეთზე, 20%-იანი ევროკავშირზე, 46%-იანი ვიეტნამზე და 32%-იანი ტარიფი ტაივანზე.

23 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას საუდის არაბეთსა და OPEC-ს ნავთობის ფასის შემცირების თხოვნით მიმართა და აღნიშნა, რომ ხსენებული სახელმწიფოები ნავთობის მაღალი ფასების გამო უკრაინაში მიმდინარე ომზე არიან პასუხისმგებელი.

ხოლო 25 იანვარს უკრაინაში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კით კელოგმა თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ნავთობის ფასის დაწევით რუსეთზე ზეწოლით შეიძლება დასრულდეს.

კომენტარები