ჩინეთმა დააანონსა, რომ აშშ-დან იმპორტირებულ პროდუქციაზე დამატებით 34%-იან ტარიფებს დააწესებს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამ კვირაში ამავე ოდენობის "საპასუხო ტარიფები" გამოაცხადა ჩინურ იმპორტზე.
ჩინეთის კომერციის მინისტრმა 4 აპრილს განაცხადა, რომ აშშ-დან ჩინეთში შესულ ყველა სახის პროდუქციაზე ტარიფები ძალაში 10 აპრილიდან შევა.
ცნობისთვის, ტრამპის მიერ გამოცხადებული ბოლო ტარიფების შედეგად, აშშ-ს მხრიდან ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებულმა ტარიფებმა საშუალოდ 65% შეადგინა, მანამდე უკვე არსებული სავაჭრო ბარიერების გათვალისწინებით. წინა პერიოდში ტრამპს ჩინეთის წინააღმდეგ უკვე გამოცხადებული ჰქონდა 20%-იანი ტარიფი.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 აპრილს ათეულობით სავაჭრო პარტნიორი სახელმწიფოს წინააღმდეგ "საპასუხო ტარიფები" გამოაცხადა, რის მიზეზადაც მან წლობით არსებული "არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკები" დაასახელა.
ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ ყველა სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოსაც, საბაზისო, 10%-იან ტარიფს დაუწესებს, ხოლო ზოგიერთი მათგანისთვის უფრო მკაცრი ტარიფებია გათვალისწინებული, მათ შორის, დამატებით 34%-იანი ტარიფი ჩინეთზე, 20%-იანი ევროკავშირზე, 46%-იანი ვიეტნამზე და 32%-იანი ტარიფი ტაივანზე.





