NBC News-ის ინფორმაციით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უახლოეს გარემოცვაში მყოფი პირები ურჩევენ, რომ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი არ გამართოს მანამ, სანამ რუსეთი უკრაინაში სრულ ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდება. ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების თქმით, ჯერჯერობით ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო ზარი დაგეგმილი არ არის.
NBC-ის ცნობით, ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა ასევე თქვეს, რომ შესაძლოა, ტრამპმა უეცრად გადაწყვიტოს პუტინთან საუბარი, თუმცა, მათი თქმით, ტრამპს ურჩიეს, რომ პუტინთან სატელეფონო საუბარი ცუდი აზრია, თუკი რუსეთის პრეზიდენტი თეთრ სახლს არ აცნობებს, რომ სრულად ცეცხლის შეწყვეტაზე თანახმა არ არის.
ამერიკელი მაღალჩინოსნების ცნობით, გუშინ, 3 აპრილს, უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკურ თანამშრომლობის საკითხებში პუტინის სპეციალური წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი აშშ-ში ჩავიდა და თეთრი სახლის მაღალჩინოსნებსა და რესპუბლიკელ კონგრესმენებს, მათ შორის, ლინდსი გრემსაც, შეხვდა.
30 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, NBC News-თან საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ვლადიმირ პუტინზე "გაბრაზებულია" და რუსეთს ნავთობზე მეორადი ტარიფებით დაემუქრა, თუკი ის დაინახავს, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დამთავრების მხრივ მის ძალისხმევას დაბრკოლებებს უქმნის.
NBC-ის ციტირებით, ტრამპმა თქვა, რომ "ძალიან გაბრაზებული და განრისხებული ვიყავი, როდესაც პუტინმა ზელენსკის სანდოობასა და უკრაინაში ახალ მმართველობაზე დაიწყო საუბარი".
ამას გარდა, ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდერ სტუბმა, 31 მარტს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ სანქციებს ამზადებს იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდება ან დადებულ შეთანხმებას დაარღვევს.
ხოლო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ტემი ბრიუსმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ტრამპს არ მოსწონს რუსეთის მხრიდან გამოთქმული აზრი უკრაინაში დროებით მთავრობასთან დაკავშირებით. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინა კონსტიტუციური დემოკრატიაა.





