Bloomberg-ის ინფორმაციით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო 2025 წლის 26 მარტს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ჩავიდა. გამოცემის თანახმად, ოფიციალური ვიზიტის მთავარი მიზეზი უნგრეთსა და რუსეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაგრძელების საკითხია.
სიიარტო რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის დღიდან რუსეთში მინიმუმ 13-ჯერ ჩავიდა.
სიიარტომ უნგრეთსა და რუსეთს შორის ენერგეტიკული კავშირების სიძლიერე შეაქო და აღნიშნა, რომ უნგრეთის უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი კომპანია MOL თავისი საქმიანობის გაფართოებას რუსეთში გეგმავს.
"ჩვენ მივაღწიეთ უნგრეთ-რუსეთის თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ შეთანხმებას, რაც ჩვენი ქვეყნის მკაფიო ინტერესია, რადგან უნგრეთის ენერგეტიკული უსაფრთხოება მნიშვნელოვანწილადაა მოსკოვზე დამოკიდებული" - თქვა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეხვედრის შემდეგ სიიარტომ საკუთარ სოციალურ ქსელში ხაზი გაუსვა რუსეთიდან უნგრეთში ბუნებრივი აირის რეკორდულ იმპორტს, რაც 20 მილიონ კუბურ მეტრზე მეტს შეადგენდა.
თავის პოსტში სიიარტომ ასევე აღნიშნა, რომ "ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმები მიუღებელია" და უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის ამჟამინდელი ძალისხმევა შეაქო.
"ჩვენ [რუსეთის] ვიცეპრემიერ ალექსანდრ ნოვაკსთან ერთად შევთანხმდით ენერგეტიკული თანამშრომლობის გაგრძელებაზე და აღვნიშნეთ, რომ უნგრეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა სრულიად მიუღებელია. როგორც რუსეთი, ისე ამერიკის შეერთებული შტატები მოლაპარაკებების მაგიდასთან საერთო კეთილი განზრახვებით სხედან, ამიტომ, გვაქვს იმედი, რომ ეს მოლაპარაკებები მოგვცემს გრძელვადიან, ხანგრძლივ ზავსა და მშვიდობას" - წერს სიიარტო თავის Faceebok-ზე.
18 მარტს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც საათნახევარი გაგრძელდა. დონალდ ტრამპმა ლაპარაკის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ ლიდერებს შორის საუბარი "ძალიან კარგი და პროდუქტიული იყო".
კრემლის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, დონალდ ტრამპი გამოვიდა წინადადებით, რომ კონფლიქტის მხარეებმა 30 დღით ორმხრივად შეიკავონ თავი ენერგო ინფრასტრუქტურაზე იერიშებისგან.





