რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

კრემლი აქვეყნებს აშშ-სთან შეთანხმებულ ობიექტების სიას, რომლებზეც თავდასხმა არ უნდა მოხდეს

Bloomberg

25 მარტს კრემლმა გამოაქვეყნა აშშ-სთან შეთანხმებული რუსეთისა და უკრაინის იმ ობიექტების სია, რომლებზეც თავდასხმა არ უნდა მოხდეს.

კრემლის რწმუნებით, სიაში ჩამოთვლილი ობიექტები "ექვემდებარება ენერგოსისტემაზე თავდასხმების დროებით მორატორიუმს", რომელიც ორივე მხარემ უნდა დაიცვას.

სიაში მოყვანილი ობიექტების ჩამონათვალში შედის:

  1. ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები;
  2. ნავთობისა და გაზის მილსადენები და საცავები, მათ შორის სატუმბი სადგურები;
  3. ელექტროენერგიის წარმოებისა და გადაცემის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ელექტროსადგურები, ქვესადგურები, ტრანსფორმატორები და გამანაწილებლები;
  4. ატომური ელექტროსადგურები;
  5. ჰიდროელექტროსადგურების კაშხლები.

კრემლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "დროებითი მორატორიუმი 2025 წლის 18 მარტიდან შედის და 30 დღის განმავლობაში იმოქმედებს", ხოლო ორმხრივი შეთანხების შემთხვევაში შესაძლოა გახანგრძლივდეს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ "ერთ-ერთი მხარის მიერ მორატორიუმის დარღვევის შემთხვევაში, მეორე მხარეს უფლება აქვს, თავი თავისუფლად ჩაითვალოს ვალდებულებების შესრულებისგან".

 18 მარტს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც საათნახევარი გაგრძელდა. დონალდ ტრამპმა ლაპარაკის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ ლიდერებს შორის საუბარი "ძალიან კარგი და პროდუქტიული იყო". 

კრემლის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, დონალდ ტრამპი გამოვიდა წინადადებით, რომ კონფლიქტის მხარეებმა 30 დღით ორმხრივად შეიკავონ თავი ენერგო ინფრასტრუქტურაზე იერიშებისგან.

კომენტარები