"საჭიროების შემთხვევაში, რუსეთთან მოლაპარაკებები გვექნება, მაგრამ მეგობრები არ გავხდებით" - თქვა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიციური პარტია Tisza-ს ლიდერმა, პეტერ მადიარმა უნგრულ გამოცემა Népszava-სთან არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მიცემულ ინტერვიუში.
გამოცემის ჟურნალისტმა მადიარს შემდეგი კითხვა დაუსვა: "ამჟამინდელმა პრემიერმინისტრმა თქვა, რომ სურს ნახოს, როგორ გამოიყურება, როდესაც 'პროუკრაინული მთავრობა' რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. საერთოდ დაჯდებოდით თუ არა ვლადიმირ პუტინთან მოსალაპარაკებლად?".
გთავაზობთ მადიარის სრულ პასუხს:
"მოდით, ნუ ვიხუმრებთ. ჩემი აზრით, წასვლის პირას მყოფი პრემიერმინისტრიც კი არ აღიქვამს საკუთარ თავს სერიოზულად, როცა ასეთ განცხადებებს საჯაროდ აკეთებს.
უნგრეთში არავის სურს პროუკრაინული მთავრობა - ხალხს სურს პროუნგრული მთავრობა და იმედია, ასეთი 12 აპრილის შემდეგ იქნება. კარგი იქნებოდა, ბოლოს და ბოლოს გვყოლოდა ისეთი მთავრობა, რომელიც უნგრელი ხალხის რეალურ პრობლემებზე იმუშავებს.
რა თქმა უნდა, თუ სიტუაცია მოითხოვს, მოგვიწევს რუსეთის პრეზიდენტთან დასხდომა. არც რუსეთის და არც უნგრეთის გეოგრაფიული მდებარეობა არ შეიცვლება. ჩვენი ენერგოდამოკიდებულებაც გარკვეული დროის განმავლობაში დარჩება. საჭიროა დივერსიფიკაციის გაძლიერება, მაგრამ ეს ერთ დღეში არ ხდება. საჭიროების შემთხვევაში, მოლაპარაკებები გვექნება, მაგრამ მეგობრები არ გავხდებით".





