უნგრეთი-რუსეთი

უნგრული მედია: ორბანის პროპაგანდისტს რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან აქვს კავშირები

უნგრული გამოცემა Telex-ისა და პროექტ Direkt36-ს მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ადგილობრივი სამთავრობო პროპაგანდისტი გეორგ შპოტლი რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან (ГРУ) არის დაკავშირებული.

გეორგ შპოტლი უნგრეთისა და გერმანიის ორმაგი მოქალაქეა. უნგრეთში მისი ცნობადობა 2015 წლის მიგრანტების კრიზისის დროს გაიზარდა. შპოტლი რეგულარულად ჩნდებოდა პროპაგანდისტულ ტელევიზიებში და სტატიებს აქვეყნებდა იმ გამოცემებში, რომლებიც ხელისუფლების ნარატივს უჭერდნენ მხარს.

როგორც გამოცემა Telex აღნიშნავს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების ფონზე, შპოტლი უნგრეთის მედიაეთერში უსაფრთხოების პოლიტიკის "ექსპერტად" პოზიციონირებდა და კრემლის პროპაგანდისტულ ნარატივებსა და დეზინფორმაციას ავრცელებდა.

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, შპოტლისა და ГРУ-ს კავშირები უნგრეთის უსაფრთხოების სამსახურის მიერ 2024 წლის მეორე ნახევარში გამოვლინდა, როდესაც ერთ-ერთმა პირმა, რომელიც დიპლომატის კარიერის დაწყებას ცდილობდა, ეროვნული უსაფრთხოების შემოწმება ვერ გაიარა. უნგრეთის დიპლომატიის აკადემიის ერთ-ერთი აპლიკანტის შემოწმების დროს გამოვლინდა, რომ მის ახლო მოკავშირეს, უნგრეთის მთავრობის პროპაგანდისტული მანქანის ერთ-ერთ მთავარ ფიგურას, გეორგ შპოტლს მუდმივი კონტაქტები აქვს რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან.

გამოძიების ცნობით, შპოტლის კრემლთან დამაკავშირებელი პირი ოლეგ სმირნოვია, რომელიც ბუდაპეშტში რუსეთის საელჩოს ყოფილი სამხედრო ატაშე და ГРУ-ს ოფიცერი იყო.

გამოცემა აღნიშნავს, რომ შპოტლი ერთი-ერთში იმეორებდა კრემლის მესიჯებს, რასაც მოწმობს გამოძიების დროს მოპოვებული დოკუმენტები. კერძოდ, სმირნოვის მირ გაგზავნილი ორი არაოფიციალური დოკუმენტი, სადაც საუბარი იყო დასავლეთის ჩართულობაზე უკრაინაში მიმდინარე ომში და ასევე, უკრაინაში არსებულ შიდა მდგომარეობაზე.

როგორც Telex წერს, ზემოხსენებული დოკუმენტების შინაარსსა და შპოტლის საჯარო გამოსვლებს შორის "საოცარი მსგავსებაა".

გარდა ამისა, შპოტლის რუსული კავშირების კიდევ ერთ მტკიცებულებად დასახელებულია 2023 წელს მისი ვიზიტი ჩეჩნეთში, სადაც ის პუტინის სახელობის სპეციალური დანიშნულების უნივერსიტეტს ეწვია. უნგრეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრების თქმით, იმის გამო, რომ შპოტლს ევროკავშირისა და NATO-ს ქვეყნების მოქალაქეობა აქვს, ის ჩეჩნეთში მოგზაურობას რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანხმობის გარეშე ვერ შეძლებდა.

კომენტარები