უნგრეთი-რუსეთი

სიიარტო: უნგრეთი რუსეთთან მუდმივ კონტაქტზეა, აქვს თანამშრომლობის გაფართოების ინტერესი

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს თქმით, უნგრეთი "აბსოლუტურად დაინტერესებულია" რუსეთთან თანამშრომლობის ისეთ სფეროებში განვითარებით, რომლებიც საერთაშორისო სანქციებს არ ექვემდებარება. ამის შესახებ სიიარტომ რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ გამოცემა RIA Novosti-სთან ინტერვიუში ისაუბრა. 

"ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ რუსებთან, რუსეთის მთავრობასთან, რადგან ჩვენ გვაქვს გაცხადებული სტრატეგია და პოზიცია. ჩვენ არასდროს დაგვიმალავს ეს და ამაზე ყოველთვის ღიად ვსაუბრობთ: იმ სფეროებში, რომლებსაც [საერთაშორისო] სანქციები არ შეხებიათ, ჩვენ აბსოლუტურად დაინტერესებულები ვართ თანამშრომლობის გაფართოებით". - თქვა სიიარტომ. 

შეკითხვაზე, გეგმავდა თუ არა უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი რუსეთში ვიზიტს 2025 წელს, სიიარტომ უპასუხა, რომ ასეთი ვიზიტი საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყო. 

"როდესაც არსებობს საჭიროება, რომ პრემიერმინისტრი [ორბანი] პირადად გაესაუბროს პრეზიდენტს [პუტინს], ისინი, რა თქმა უნდა, ამ შესაძლებლობას იყენებენ და ერთმანეთს ხვდებიან". - დაამატა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

სიიარტომ ასევე გაუსვა ხაზი [რუსეთთან] "პირდაპირი დიალოგისა" და "მშვიდობის იმედის" შენარჩუნების მნიშვნელობას. 

"თუ შენ [რუსეთთან] კომუნიკაციას გაწყვეტ, შენ მშვიდობის იმედს დაკარგავ. და ეს არის ის, რაც ჩვენ ნამდვილად არ გვსურს". - თქვა სიიარტომ. 

კომენტარები