თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადებების მიხედვით, 23-25 მარტს აშშ-სთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინა და რუსეთი თანახმა არიან, შავ ზღვაში უსაფრთხო მიმოსვლა აღდგეს, შეწყვიტონ ძალის გამოყენება და აღკვეთონ სამხედრო მიზნებისთვის სავაჭრო გემების გამოყენება.
"აშშ და უკრაინა შეთანხმდნენ, შავ ზღვაში უსაფრთხო მიმოსვლა, ძალის გამოყენების შეწყვეტა უზრუნველყონ და აღკვეთონ სამხედრო მიზნებისთვის სავაჭრო გემების გამოყენება". - წერია უკრაინის მხარესთან შეხვედრის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. თეთრი სახლის მიხედვით, ზუსტად იგივე პირობებზე რუსული მხარეც არის თანახმა.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადება უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმაც დაადასტურა.
უმეროვის თქმით, უკრაინული მხარე ხაზს უსვამს, რომ შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილის მიღმა რუსეთის მხრიდან საკუთარი სამხედრო ხომალდების ნებისმიერი სახით გადაადგილება, შეთანხმების დარღვევად ჩაითვლება.
"ამ შემთხვევაში უკრაინას სრული უფლება ექნება, რათა თავდაცვის უფლება გამოიყენოს". - დაამატა მან.
აშშ-სა და უკრაინის მხარე ასევე შეთანხმდნენ, რომ აშშ ერთგული რჩება, დაეხმაროს უკრაინას ომის ტყვეების გაცვლაში, დაკავებული მოქალაქეების გამოშვებაში და ძალით რუსეთში გადაყვანილი უკრაინელი ბავშვების უკან დაბრუნებაში.
თავის მხრივ, აშშ რუსეთთან შეთანხმდა, რომ ხელს შეუწყობს რუსეთს, წვდომა აღიდგინოს მსოფლიო ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სასუქის ექსპორტისთვის, შეამციროს საზღვაო სადაზღვევო ხარჯები, და გააუმჯობესოს პორტებსა და საგადასახადო სისტემებზე წვდომა მსგავსი ტრანზაქციებისთვის.
ამასთანავე, როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის, დელეგაციები თანახმა არიან, მიღებული იყოს შესაბამისი ზომები ენერგეტიკის ობიექტებზე იერიშების აკრძალვიწ შეთანხმებასთან დაკავშირებით.
ამას გარდა, თეთრი სახლის მიხედვით, მხარეები გამძლე და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად მუშაობის გაგრძელებაზე არიან თანახმა.





