კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის თქმით, ხაზარაძისა და ჯაფარაძის ნაცვლად ვერ იტყვის მივლენ თუ არა ისინი წინა ხელისუფლების "საქმიანობის შემსწავლელი" კომისიის სხდომაზე.
"ვერ მოგახსენებთ, მათი პირადი გადაწყვეტილებაა, გასაგებია, რომ ოცნება ბევრ ადამიანს გამოიძახებს, ამას უკან მოსდევს მუქარა, ფეხების ბაკუნი, იმიტომ რომ მათ ძალიან სჭირდებათ ეს შოუ, მართლა ერთმანეთს ხომ არ დაელაპარაკებიან სულ, ვინმე უნდა მიეხმაროს." - განაცხადა დოლიძემ ტელეკომპანია პირველის ეთერში.
მისივე თქმით, კომისიას არ აქვს ლეგიტიმაცია, რადგან მას ხალხის "ზურგი და ნდობა" არ გააჩნია.
"ერთი მხრივ, ეს კომისია არის პოლიტიკური შურისძიების საშუალება, რომ გავაწვალოთ ოპოზიცია, შევუქმნათ მათ პრობლემები, ისევ და ისევ იქიდან, რომ ხელისუფალი არის თავისი გაგებით რეჟიმი, რომელიც ვერაფერს აძლევს ადამიანებს. იმის მაგივრად, რომ თუნდაც იმ ადამიანებს, ვისაც რაღაც იმედი აქვს დარჩენილი ოცნებისგან ან სჯერა მათი პროპაგანდის, იმის მაგივრად რომ რაიმე ხელშესახები დაინახოს ან ნარკოტიკებთან ბრძოლაში, ან ფასებთან, ქმნიან ამ სპექტაკლს.
ჩავხედეთ ამ ვითომ კომისიის შემადგენლობას და ნაცმოძრაობის დროინდელი პოლიციელებითა და მოსამართლეებით არის სავსე. ჯერ ერთი, ვერავის ვერ დაიბარებს ეს კომისია, პარლამენტს და თვითონ მას ზურგი არ აქვს ხალხისგან, ნდობა არ აქვს. მეორე, ჩვენ რომ ვუყურებთ შესაბამის კომისიებს ინგლისში, ამერიკაში ყოველთვის მრავალპარტიულია და ცინიზმი - ვის იბარებენ, მაშინ როდესაც..." - ამბობს დოლიძე.
24 მარტს გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ წინა ხელისუფლების "საქმიანობის შემსწავლელმა" კომისიამ კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაიბარა - სხდომა 25 მარტს, 10 საათზეა ჩანიშნული.
განცხადების მიხედვით, საქმე ეხება შპს მაგნატის საქმის განხილვას.