საუდის არაბეთის დედაქალაქში, უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ს დელეგაცია ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტაზე მოსალაპარაკებლად რუსეთის წარმომადგენლებს ხვდება. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.
პუტინის მრჩევლის, იური უშაკოვის თქმით, დელეგაციას რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი სერგეი ბესედა ხელმძღვანელობენ.
არსებული ინფორმაციით, რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების შემდეგ აშშ-ს დელეგაცია კვლავ უკრაინელებს შეხვდება.
შეხვედრების მთავარი განსახილველი თემა, ორივე უკრაინისა და რუსეთის მხრიდან ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე შორი მანძილის თავდასხმების დროებით შეჩერებაა და შავ ზღვაში კომერციული გემების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
გუშინ, 23 მარტს აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა Fox News-სთან ინტერვიუში ოპტიმიზმი გამოხატა საუდის არაბეთში აშშ-უკრაინასა და აშშ-რუსეთს შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და თქვა, რომ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ომის დამთავრება სურს.
"მგონია, რომ მას მშვიდობა სურს". - თქვა უიტკოფმა.
ამასთანავე, უიტკოფმა უარყო მოსაზრებები, რომ რუსეთს ევროპაზე თავდასხმა სურს.





