ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი

2024 წელს საქართველო "საარჩევნო ავტოკრატიად" გადაიქცა – V-Dem-ის ანგარიში

ტაბულა

V-Dem-ის ინსტიტუტის 2025 წლის დემოკრატიის ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს საქართველო "საარჩევნო დემოკრატიების" სიიდან ჩამოქვეითდა და მან "საარჩევნო ავტოკრატიების" კატეგორიაში გადაინაცვლა. 

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან მოყოლებული 2024 წელს დემოკრატიის მხრივ საქართველოში ყველაზე დიდი ერთწლიანი ვარდნა შეინიშნებოდა, რითაც საქართველო საარჩევნო ავტოკრატიად იქცა. 

შედეგად, საქართველო ისეთი ქვეყნების კატეგორიაში მოხვდა, როგორებიცაა აზერბაიჯანი, კონგო, ეგვიპტე, უნგრეთი, ერაყი, ირანი, და რუსეთი.  

"2024 წელს საარჩევნო პროცესს თან ახლდა გაყალბების ბრალდებები და მასობრივი საპროტესტო აქციები, მთავრობამ პოლიტიკური ოპოზიცია კრიმინალურ ძალებად მოიხსენია, ოპოზიციური პარტიების აკრძალვით დაიმუქრა, საპროტესტო აქციის მონაწილეები და სამოქალაქო საზოგადოების პირები დააკავეს და ბრალი წაუყენეს, და ახალი "უცხოური აგენტების" კანონი წარადგინეს. ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ამბობდა, რომ საქართველოს დემოკრატია რისკის წინაშე იყო და რომ ევროკავშირთან ქვეყნის ინტეგრაციას აჩერებდა" - წერია ანგარიშში.

V-Dem-ის მიხედვით, დემოკრატიზაცია დემოკრატიული რეჟიმისკენ სვლას ნიშნავს, საწყისი პოზიციის მიუხედავად, ხოლო ავტოკრატიზაცია - პირიქით. ანგარიშში მსოფლიო რეჟიმები ოთხ კატეგორიად არიან დაყოფილი: დახურული ავტოკრატიები, საარჩევნო ავტოკრატიები, საარჩევნო დემოკრატიები და ლიბერალური დემოკრატიები.

2024 წლის ანგარიშის მიხედვით, ლიბერალურ დემოკრატიებში მსოფლიოს მოსახლეობის 12%-ზე ნაკლები ცხოვრობს, რაც ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამის განმაპირობებელი როგორც ლიბერალური დემოკრატიების ჯამური რაოდენობის შემცირება, ასევე მსგავს ქვეყნებში მოსახლეობის ნელი ზრდის ტემპია.

ლიბერალურ დემოკრატიებში საარჩევნო დემოკრატიის მხრივ მოთხოვნები დაკმაყოფილებულია, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საკანონმდებლო და სასამართლო შეზღუდვები არსებობს, ასევე დაცულია სამოქალაქო თავისუფლებები და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი.

ლიბერალური დემოკრატიების რიგს ისეთი ქვეყნები მიეკუთვნება, როგორებიცაა ბელგია, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, იაპონია, აშშ, საფრანგეთი და იტალია.

2024 წლის მონაცემებით, საარჩევნო დემოკრატიებში მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 17% ცხოვრობს, მათ შორის ყველაზე ხალხმრავალი ქვეყნებია მექსიკა, ბრაზილია და ნიგერია. ამავე კატეგორიას მიეკუთვნებიან სომხეთი, არგენტინა, პოლონეთი და რუმინეთი. ხოლო 2024 წლამდე მათ რიგებში საქართველოც შედიოდა. 

ამ კატეგორიაში აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის მრავალპარტიული არჩევნები თავისუფალი და სამართლიანია. ასევე დამაკმაყოფილებელ დონეზეა ხმის მიცემის უფლება, გამოხატვის თავისუფლება და შეკრების თავისუფლება.

მსოფლიოში მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი - 46% - საარჩევნო ავტოკრატიის ტიპის რეჟიმის ქვეშ ცხოვრობს, მათ შორის ყველაზე ხალხმრავალი ქვეყნებია ეთიოპია, ინდოეთი და პაკისტანი. საარჩევნო ავტოკრატიებში, რომელ კატეგორიაშიც ახლა უკვე საქართველოცაა, არსებობს მრავალპარტიული არჩევნები აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის, თუმცა არასაკმარისი დონის ფუნდამენტური წინაპირობები არსებობს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებისა, და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მხრივ.

დახურული ავტოკრატიების კატეგორია კი ისეთ ქვეყნებს მოიცავს, როგორებიცაა ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა, კატარი, საუდის არაბეთი, სირია, ვიეტნამი და იემენი. ამ ქვეყნებში არ ტარდება მრავალპარტიული არჩევნები აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის. არ არსებობს ფუნდამენტური დემოკრატიული კომპონენტები, როგორებიცაა გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.

კომენტარები