არასამთავრობო ორგანიზაცია ფროსფერითი ჯორჯია ფონდის საქმიანობის ფინანსურ ანგარიშს ასაჯაროებს. პროკურატურის მიერ დაყადაღებული ფონდის დამფუძნებელი ნიკა გილაურია.
ორგანიზაციის განცხადებით, ისინი უკვე ოთხი თვეა მუშაობენ "იმ მიზნების ფარგლებში, რა მიზნებიც თებერვლის მეორე ნახევრიდან ჩაითვალა დაყადაღების საფუძვლად".
"ფროსფერითი ჯორჯია დაარსდა 2024 წლის 12 აგვისტოს, რომლის მიზანი იყო რეგიონული სუბიექტების მხარდაჭერა სხვადასხვა ბიზნეს პროექტების შემუშავებაში.
საქართველოში შექმნილი კრიზისის გამო, ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე, ორგანიზაცია გადაერთო ქველმოქმედებაზე. ფონდის მთავარი მიზანი გახდა იმ ადამიანების დახმარება, ვისაც ამ მძიმე პერიოდში ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
[...] გაგაცნობთ ფინანსურ ანგარიშს, რომელიც მოიცავს ფონდის საქმიანობას დასაწყისიდან ვიდრე დაყადაღებამდე, 2024 წლის 6 დეკემბრიდან 2025 წლის 14 მარტამდე:
• შემომწირველთა რაოდენობა: 559 იურიდიული და ფიზიკური პირი;
• სულ შემოსული სახსრები: 1 246 622 ლარი;
• სულ გაცემული სახსრები: 941 995 ლარი;
• დახმარება გაეწია: 351 მოქალაქეს;
• გადახდილი გადასახადები: 226 615 ლარი;
• შემოწირული თანხების 97% შემოიტანეს რეზიდენტმა კომპანიებმა და მოქალაქეებმა;
• შემოწირული თანხების 3% შემოვიდა საზღვარგარეთ მცხოვრები თანამოქალაქეების შემოწირულობებით. (გერმანიაში ჩატარებული საქველმოქმედო კონცერტი, ემიგრანტები ამერიკიდან);
• შემოწირული სახსრების 41% შემოვიდა საქართველოს ორი უმსხვილესი ბანკიდან - „თიბისი ბანკიდან“ და „საქართველოს ბანკიდან“, რომლებთანაც ფონდმა გააფორმა ბენეფიციარების დაფინანსების მემორანდუმი, გაცხადებული მიზნების ფარგლებში.
ფონდის ბენეფიციარები:
• სამედიცინო, იურიდიული და ფინანსური დახმარება მიიღო 351-მა მოქალაქემ;
• 20 დაშავებულ მომიტინგეს ჩაუტარდა მკურნალობა, მათ შორისაა სიცოცხლის გადარჩენისთვის აუცილებელი ოპერაციები;
• გადახდილია 160 ადმინისტრაციული ჯარიმა;
• პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ 127 საჯარო მოხელეს გაეწია ფინანსური დახმარება;
• დაკავებულთა 44 ოჯახმა მიიღო ფინანსური დახმარება
ფონდის მიზნები: (ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული)
• საპროტესტო მოძრაობის დროს დაშავებულთა მკურნალობა, რეაბილიტაცია და საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
• მშვიდობიანი დემონსტრაციების დროს დაკავებულთა ოჯახების ფინანსური დახმარება;
• მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს ფიზიკურ პირებზე დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდა;
• პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული საჯარო მოსამსახურეების ფინანსური მხარდაჭერა" - წერია ორგანიზაციის გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, 17 მარტს, ივანიშვილის სატელიტი მოძრაობის, "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ რამდენიმე ფონდის ანგარიში დააყადაღა - უწყების განცხადებით, დაყადაღებულია: - ნანუკას ფონდი, ფროსფერითი, ფონდი ერთმანეთისთვის 24/7, სირცხვილია, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი.
აღნიშნული ფონდები ფინანსურ და იურიდიულ დახმარებას უწევენ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული და დაჯარიმებული მოქალაქეებს. ასევე გურიის სტიქიის დროს დაზარალებულ მოსახლეობას.