დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა თქვა, რომ თუ უკრაინა სათანადოდ არ იქნება დაცული, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სამშვიდობო შეთანხმებას დაარღვევს.
პრემიერმინისტრის თქმით, რუსეთისა და უკრაინის შორის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის ნებისმიერი შეთანხმება "მხოლოდ მაშინ იქნება გრძელვადიანი", თუ შესაბამისი "უსაფრთხოების მექანიზმები იქნება უზრუნველყოფილი".
სტარმერი ამ თემაზე საუბრობდა ლონდონთან ახლოს, ნორთვუდში მდებარე სამხედრო ბაზაზე, სადაც 20 მარტს, 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომელთა გაერთიანებასაც სტარმერი მსურველთა კოალიციას უწოდებს. შეხვედრაზე უკრაინაში ჯარების განთავსების წინადადებები იყო განხილული.
პრემიერმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები "პოლიტიკური მომენტუმიდან სამხედრო დაგეგმვაზე" გადადიან, რაც მისი თქმით, "ახლავე უნდა გაკეთდეს" მანამ, სანამ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ.
"ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე გავაკეთოთ, რადგან ჩვენ ერთი რამ დანამდვილებით ვიცით: შეთანხმება, რომლის უკან არაფერია, არის ის რასაც პუტინი დაარღვევს. ჩვენ ეს ვიცით, რადგან ეს ერთხელ უკვე მოხდა. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს კვლავ მოხდება" - თქვა სტარმერმა.