ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ფონდების საქმიანობა გაუმჭვირვალე იყო - ივანიშვილის წარმომადგენელმა პროკურატურის მიერ ფონდების ანგარიშების დაყადაღებაზე კომენტარი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა.
მისივე თქმით, შესაძლებელია დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთოს, რასაც გამოძიება დაადგენს.
"რაც შეეხება ფონდებს, ფონდებთან დაკავშირებით სწორედ გამოძიებას შეუძლია, ამოიღოს დეტალური ინფორმაცია და ძალიან კარგად დაინახავს საზოგადოება იმას, თუ სინამდვილეში რაზე იხარჯებოდა კონკრეტული თანხები, ნახავს მიზნობრიობას და ყველა დაინახავს, იქ არის თუ არა დანაშაულის ნიშნები. ეს არ არის ჩემი პრეროგატივა, პროკურატურას შეუძლია, დაადგინოს, იკვეთება თუ არა დანაშაულის ნიშნები კონკრეტული ფონდის საქმიანობაში, ამიტომ წინ ნუ გაუსწრებენ ამ მოვლენებს ნურც ფონდის მმართველები და ნურც სხვები.
გამოქვეყნდება, არასაჯარო იყო, როგორც ენჯეოების საქმიანობა არის გაუმჭვირვალე, ასევე ამ ფონდების საქმიანობაც იყო სრულიად გაუმჭვირვალე.
თუ ასეთი ქველმოქმედებით იყვნენ დაკავებული, რა თქმა უნდა, ყველამ იცის, რითაც იყვნენ დაკავებული, რატომ არ დადეს საკუთარი ხარჯები მაინც, კარგი, არ უნდოდათ შემომწირველების გასაჯაროება, მაგრამ ხარჯები მაინც გამოექვეყნებინათ. პროკურატურა გააკეთებს იმას, რაც მათ ჰქონდათ დასამალი.
ვნახოთ, შეიძლება, გამოიკვეთოს დანაშაულის ნიშნები, შეიძლება არა, ამას დაადგენს პროკურატურა" - თქვა კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
ცნობისთვის, 17 მარტს, ივანიშვილის სატელიტი მოძრაობის, "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ რამდენიმე ფონდის ანგარიში დააყადაღა - უწყების განცხადებით, დაყადაღებულია: - ნანუკას ფონდი, ფროსფერითი, ფონდი ერთმანეთისთვის 24/7, სირცხვილია, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი.
აღნიშნული ფონდები ფინანსურ და იურიდიულ დახმარებას უწევენ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული და დაჯარიმებული მოქალაქეებს. ასევე გურიის სტიქიის დროს დაზარალებულ მოსახლეობას.