მზია ამაღლობელის საქმის პროკურორის, თორნიკე გოგეშვილის განცხადებით, ბათუმელების და ნეტგაზეთის რედაქტორი, ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს თავს იმიტომ დაესხა, რომ მისმა "საქმიანობამ გააღიზიანა".
როგორც გოგეშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე თქვა, ამაღლობელის მოტივი შურისძიება იყო.
"აჭარის პოლიციის დეპარტამენტის სამმართველოს შენობასთან იმყოფებოდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსი, ირაკლი დგებუაძე რომელიც ახორციელებდა თავის სამსახურებრივ საქმიანობას. საპროტესტო შეკრების მონაწილეებს განუმარტავდა, კონკრეტულ პირთა დაკავების საფუძვლებს, ამ დროს მას კომუნიკაცია ჰქონდა ბრალდებულთან, მზია ამაღლობელთან, რომელიც გაღიზიანებული იყო ირაკლი დგებუაძის სამსახურებრივი საქმიანობით, რა დროსაც შურისძიების მოტივით, ირაკლი დგებუაძის სამსახურებრივი საქმიანობით გაღიზიანებული მზია ამაღლობელი თავს დაესხა ირაკლი დგებუაძეს, ძლიერად მოქაჩა ქურთუკზე, მისკენ მიატრიალა და სახეში დაარტყა ხელი". - განაცხადა პროკურორმა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში, დღეს, 18 მარტს, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვის პირველი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე ამაღლობელის ადვოკატმა ნინო სახელაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.
მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.