ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე არსებითი განხილვის პირველი სხდომა მიმდინარეობს. საქმეს ლიტვის, ლატვისაა და ესტონეთის მიერ სანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს.
დღევანდელ სხდომაზე, ამაღლობელის ადვოკატმა ნინო სახელაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენა. დაცვის მხარის განცხადებით, მოსამართლე ვერ აკმაყოფილებს ობიექტურობის და მიუკერძოებლობის პრინციპს, ასევე ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის მიერ სანქცირებულია ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. გარდა ამისა, მისი განათლება ვერ აკმაყოფილებს მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის კრიტერიუმებს. სახელაშვილს არ აქვს კვალიფიკაცია სისხლის სამართლის მიმართულებით.
მოსამართლე სახელაშვილმა მისი აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
სახელაშვილის განცხადებით, მას მართლაც არ აქვს ჩაბარებული გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, თუმცა არ არსებობს კანონის ნორმა, რომელსაც მსგავსი მოთხოვნა აქვს.
"მინდა საზოგადოებას და დაცვის მხარეს განვუმარტო, რომ მოქმედი კანონის შესაბამისად, ვერცერთი კანონის ნორმა არ ავალდებულებს, რომ აუცილებლად ჩაბარებული იყოს სისხლის სამართლის სპეციალიზაციის და ეს დაბრკოლებას წარმოადგენდეს, რომ მას არ ჰქონდეს უფლებამოსილება სისხლის სამართლის სპეციალიზაციასთან დაკავშირებით". -
განაცხადა მოსამართლე სახელაშვილმა სხდომაზე.
რაც შეეხება მოსამართლის მიუკერძოებლობას, სახელაშვილის თქმით, მიუკერძოებლობის საფუძველი ვერ იქნება, რომ ამ სასამართლოს შემადგენლობამ მზია ამაღლობელი პატირმობაში დატოვა. მისი თქმით, ამისვე დასტურია, რომ შემდეგმა ინსტანციამაც მისი გადაწყვეტილება გაიზიარა. რაც შეეხება სანქცირებას, ის არ შეიძლება იყოს აცილების საფუძველი.
მოსამართლის განცხადების პასუხად, დაცვის მხარემ სახელაშვილს კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ მიკერძოებულ მოსამართლედ აღიქვამენ, არა იმის გამო, რომ მზია ამაღლობელის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა, არამედ იმიტომ, რომ კონკრეტიკის და არგუმენტაციის გარეშე გაიზიარეთ პროკურატურის შუამდგომლობები.
მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.
მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.