ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გადაიდო და 31 მარტის 13:00 საათზე გაიმართება - დღეს ლიტვის, ლატვისაა და ესტონეთის მიერ სანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეს განიხილავდა.
"დღევანდელი სასამართლო სხდომის მიზნები ამოწურულია. სხდომა დასრულებულია. ვხვდებით 31 მარტს, 13:00 საათზე" - განაცხადა მოსამართლემ.
მზია ამაღლობელის ინტერესებს ჯუმბერ ქათამაძე, რაჟდენ ქიმშიაშვილი, მარიამ მწარიაშვილი და კახაბერ წერეთელი იცავდნენ.
დღევანდელ სხდომაზე, ამაღლობელის ადვოკატმა ნინო სახელაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენა. დაცვის მხარის განცხადებით, მოსამართლე ვერ აკმაყოფილებს ობიექტურობის და მიუკერძოებლობის პრინციპს, ასევე ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის მიერ სანქცირებულია ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. გარდა ამისა, მისი განათლება ვერ აკმაყოფილებს მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის კრიტერიუმებს. სახელაშვილს არ აქვს კვალიფიკაცია სისხლის სამართლის მიმართულებით.
მოსამართლე სახელაშვილმა მისი აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
სახელაშვილის განცხადებით, მას მართლაც არ აქვს ჩაბარებული გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, თუმცა არ არსებობს კანონის ნორმა, რომელსაც მსგავსი მოთხოვნა აქვს.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.
მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე მზია ამაღლობელის საქმის გადაწყვეტილებას მოსამართლე დღეს, 18 მარტს, 17:50 საათზე გამოაცხადებს.