American Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც კოლორადოდან ტეხასში მიფრინავდა, ძრავის პრობლემის გამო დენვერის აეროპორტში დაეშვა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა.
ავიაკომპანიის თქმით, თვითმფრინავმა, Boeing 737-800-მა განიცადა "ძრავასთან დაკავშირებული პრობლემა", რის შემდეგაც ის ადგილობრივი დროით დაახლოებით 17:15 საათზე დენვერის აეროპორტში გადამისამართდა.
დენვერის აეროპორტში დაშვების შემდეგ თვითმფრინავს ასაფრენ ბილიკზე ცეცხლი გაუჩნდა.
ავიაკომპანიის განცხადებით, თვითმფრინავში 172 მგზავრი და 6 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. მათი თქმით, ყველა მათგანი უსაფრთხოდ გამოიყვანეს, თუმცა აეროპორტმა მოგვიანებით დაადასტურა, რომ 12 ადამიანი მცირედი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აშშ-ს ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის (FAA) განცხადებით, მგზავრებმა გამოიყენეს გასაბერი სასრიალოები, რათა თვითმფრინავიდან უსაფრთხოდ ევაკუირებულიყვნენ. სააგენტოს თქმით, მიმდინარეობს ინციდენტის გამოძიება.
აეროპორტის სპიკერის, მაიკლ კონოპასეკის თქმით, შემთხვევას სხვა რეისების შეფერხებას არ გამოუწვევია.