რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

თეთრი სახლის სპიკერი: აშშ-უკრაინის შეხვედრიდან მიღებული სიახლეები პოზიტიურია

თეთრის სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლივიტმა საუდის არაბეთში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის მიმდინარე პირველი მოლაპარაკებებს "პროდუქტიული" და "პოზიტიური" უწოდა. 

"დღის მანძილზე შეხვედრიდან მიღებული სიახლეები პოზიტიურია. პროდუქტიული შეხვედრა იყო" – ამბობს ლივიტი ჟურნალისტებთან საუბრისას.

საუდის არაბეთში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მოლაპარაკებებში წარმოდგენილი იქნებიან ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიგა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და ერმაკის მოადგილე პაველ პალისა. 

ამერიკულ მხარეს წარმოადგენენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი. ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფი აშშ-უკრაინის მოლაპარაკებების პარალელურად მოსკოვში ჩავა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება. 

თავად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც  საუდის არაბეთში 10 მარტს ჩავიდა, რათა  საუდის არაბეთის პრინც მუჰამედს შეხვედროდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს. 

მოლაპარაკებებს წინ უძღვის 28 თებერვალს აშშ-ს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გამართული შეხვედრა, რომელიც ტრამპს, ზელენსკისა და აშშ-ს ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შორის უპრეცედენტოდ მწვავე კამათში გადაიზარდა.

ოვალურ კაბინეტში გამართული კატასტროფული შეხვედრიდან მალევე ვაშინგტონმა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა, მათ შორის, სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება, რომელიც უკრაინელებს რუსეთზე შორი რადიუსის იერიშების მიტანაში ეხმარებოდა. 

ცოტა ხნის წინ Financial Times-ის გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინა 11 მარტს საუდის არაბეთში დაგეგმილ ორმხრივ მოლაპარაკებებში შეეცდება, დაარწმუნოს ამერიკული მხარე, რომ ზელენსკის ომის სწრაფად დასრულება სურს, რათა აშშ-მ კიევისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება და სამხედრო დახმარების მიწოდება აღადგინოს.

ოფიციალური პირები, რომლებიც ინფორმირებულები არიან საუდის არაბეთში დაგეგმილი მოლაპარაკებების მოსამზადებელ პროცესებზე, ამბობენ, რომ კიევი რუსეთთან ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის შესახებ წინადადებით გამოვა. წყაროების ცნობით, წინადადება ითვალისწინებს შორი რადიუსის თავდასხმების, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით, დროებით შეჩერებასა და შავ ზღვაში საბრძოლო ოპერაციების შეწყვეტას. უკრაინული მხარე იმედოვნებს, რომ წინადადება ვაშინგტონს დაარწმუნებს, გაიწვიოს გადაწყვეტილება უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გაზიარებისა და იარაღის მიწოდების გაყინვის შესახებ. 

მოლაპარაკებებისთვის უკრაინული მხარის მზაობა განპირობებულია იმ ფაქტითაც, რომ, როგორც Financial Times წერს, აშშ-ს სამხედრო დახმარების შეჩერებამ კურსკის ოლქში, რომლის ნაწილზეც უკრაინის ძალებმა კონტროლი გასულ აგვისტოში დაამყარეს, რუსების წინსვლას შეუწყო ხელი. 

როგორც ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გამოცემას უთხრა, მოკლევადიან პერიოდში კიევი უპირატესობას აშშ-სთან ურთიერთობების გამოსწორებას ანიჭებს, ხოლო ორი ევროპელი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ კიევი მოლაპარაკებებში პროგრესს უყურებს, როგორც ნიადაგი სამხედრო და სადაზვერვო დახმარების აღდგენისთვის. 

"უკრაინისა და აშშ-ს ხელისუფლებას შორის საუდის არაბეთში გამართული ნებისმიერი მოლაპარაკებების მიზანი იქნება, კერძოდ, რომ მხარეები დახმარების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ". - თქვა უკრაინელმა პარლამენტარმა ზელენსკის პარტიიდან და რადის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის წევრმა ფედირ ვენისლავსკიმ. 

აშშ-ს წნეხმა, რომელიც 28 თებერვალს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მომხდარი კატასტროფული შეხვედრის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა, ზელენსკის ადმინისტრაცია აიძულა, რომ რიგ საკითხებზე პოზიცია შეეცვალა. 

"ტაქტიკა შეიცვალა. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზება მოხდეს. თუ აქამდე გეგმა ის იყო, რომ [უკრაინას] ჯერ უსაფრთხოების გარანტიები მიეღო, ხოლო შემდეგ ცეცხლის შეწყვეტაზე ემუშავა, ახლა ცხადია, რომ ეს ამ თანმიმდევრობით არ მოხდება". - უთხრა გამოცემას ვოლოდიმირ ფესენკომ, უკრაინელმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა. 

"ტრამპი ამბობს, რომ უკრაინას ცეცხლის შეწყვეტა არ სურს. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, რომ ვაჩვენოთ აშშ-ს, რომ მზად ვართ, ვიმოქმედოთ ისე სწრაფად, რამდენადაც ეს შესაძლებელია და დავიწყოთ პირდაპირი მოლაპარაკებები რუსეთთან". - დაამატა ანალიტიკოსმა. 

ცნობისთვის, აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები უკრაინაში მიმდინარე ომისა და ორმხრივი ურთიერთობების შესახებ 18 თებერვალს საუდის არაბეთში, ხოლო 27 თებერვალს თურქეთში გაიმართა. 

კომენტარები