კრემლი ვაშინგტონის მიერ კიევისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებას გამოეხმაურა. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, მიუხედავად აშშ-ს მიერ უკრაინისთვის დახმარების შეჩერებისა, რუსეთში "არ უნდა იჩქარონ ვარდისფერი სათვალეების გაკეთება" და "მზად იყვნენ თავიანთი ინტერესების დასაცავად".
"ახლა არ არსებობს საჭიროება, რომ ვარდისფერი სათვალეების გაკეთება ვიჩქაროთ. თქვენ ყოველთვის საუკეთესოს იმედი უნდა გქონდეთ, მაგრამ ასევე უნდა მოვემზადოთ ყველაზე ცუდისთვის. და ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ ჩვენი ინტერესების დასაცავად". - თქვა პესკოვმა ერთ-ერთ სამეცნიერო კონფერენციაზე საუბრისას.
რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის ცნობით, პესკოვმა ასევე დაამატა, რომ ბევრი ადამიანი "ვარდისფერი სათვალეების გაკეთებას" გარკვეული სპეკულაციების გამო "ჩქარობს", მათ შორის, სამხედრო დახმარების სრულად შეწყვეტისა და ილონ მასკის მიერ Starlink-ის სერვისის შეჩერების შესახებ.
"[ბევრი ჩქარობს] ვარდისფერი სათვალეების გაკეთებას და ამბობს, რომ ახლა ამერიკელები შეწყვეტენ იარაღის მიწოდებას ან უკვე შეწყვიტეს, ახლა [ილონ] მასკი გამოურთავს მის საკომუნიკაციო სისტემებს და ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ გადაწყდება". - თქვა პესკოვმა.
კრემლის პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად ამერიკული დახმარების შეჩერებისა, უკრაინას იარაღის "მრავალი თვის სამყოფი" მარაგი აქვს.
"იმდენი იარაღი შეიტანეს, რომ მიწოდების შეწყვეტის შემდეგაც კი, უკრაინელებს ექნებათ რაიმე, რითიც მრავალი, მრავალი თვე იბრძოლებენ, თუ ვინმე მათ არ მოიპარავს". - დაამატა პესკოვმა.
დახმარების შეჩერებას წინ უძღოდა 28 თებერვალს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მომხდარ მწვავე კამათს აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის.
ურთიერთობების გამოსწორებისა და სამხედრო დახმარების აღდგენის საკითხებზე მოლაპარაკების მიზნით, ამერიკული და უკრაინული დელეგაციები დღეს, 11 მარტს საუდის არაბეთში ქალაქ ჯედაში შეხვდებიან.





