რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ნორვეგია 2025 წელს უკრაინას დაახლოებით $7.8 მილიარდის ღირებულების დახმარებას გადასცემს

ნორვეგიის პრემიერმინისტრი
Haakon Mosvold Larsen / NTB

ნორვეგიის პრემიერმინისტრის, იონას გარ სტორის განცხადებით, ნორვეგია უკრაინას მიმდინარე 2025 წელს გასულ წელთან შედარებით ორჯერ მეტი ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს.

Reuters-ის ინფორმაციით, ნორვეგიის მთავრობა და ოპოზიციის ლიდერები 6 მარტს შეთანხმდნენ, რომ ოსლომ, გასულ წელთან შედარებით, უკრაინის სამხედრო დახმარება 85 მილიარდ ნორვეგიულ კრონამდე (დაახლოებით 7.83 მილიარდი დოლარი) გაზარდოს. 2024 წელს ნორვეგიამ უკრაინას 35 მილიარდი კრონის ღირებულების (დაახლოებით 3.22 მილიარდი დოლარი) გადასცა. 

"უკრაინისადმი ნორვეგიის მხარდაჭერაში მნიშნველოვანი ახალი ზრდაა. პარლამენტის ყოველი პარტია შეთანხმდა დახმარების დამატებით 50 მილიარდი კრონით გაზრდაზე. ეს ჯამში ჩვენი მიმდინარე წლის დახმარებას 85 მილიარდ კრონამდე გაზრდის, რაც დაახლოებით 7.5 მილიარდი დოლარია. 

ეს აძლიერებს უკრაინას, ხელს უწყობს სამშვიდობო შეთანხმებას და აუმჯობესებს ევროპის უსაფრთხოებას". - დაწერა ნორვეგიის პრემიერმინისტრმა X-ზე. 

ნორვეგიის გადაწყვეტილება უკავშირდება ბრიუსელში მიმდინარე ევროპელ ლიდერთა სამიტს, რომლის დღის წესრიგში როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ თავდაცვის ხარჯების ზრდა, ისე უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის ზრდაა მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიევს ამერიკული სამხედრო დახმარება შეუჩერა. 

კომენტარები