რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ბესენტის თქმით, აშშ, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთის ენერგეტიკის სანქცირებას არ დააყოვნებს

სკოტ ბესენტი

აშშ-ს ფინანასთა მინისტრი, სკოტ ბესენტის თქმით, აშშ რუსეთის ენერგეტიკაზე სანქციების დაწესებას არ დააყოვნებს, თუ ეს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას დაეხმარება.

ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს

Bloomberg-ის ცნობით, ნიუ-იორკის ეკონომიკურ კლუბში საუბრისას ბესენტმა აღნიშნა, რომ რუსეთზე სანქციები "დაუყოვნებლივი და მაქსიმალური გავლენისთვის ცალსახად და აგრესიულად იქნება გამოყენებული". 

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მინისტრმა ასევე დაამატა, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გააძლიერებს და ამასთან, "წინასწარ განსაზღვრული ზომებითა და ვადებით" ქვეყნის ნავთობის სექტორს "დახურავს". 

"ირანის ხელახლა გაღარიბება ჩვენი განახლებული სანქციათა პოლიტიკის დასაწყისი იქნება". - თქვა ბესენტმა. 

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ამერიკულ და უკრაინულ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომელთა მიხედვითაც 11 მარტს საუდის არაბეთში აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებია დაგეგმილი

ამერიკული ტელევიზია Fox News-ის ჟურნალისტის, ჯაქი ჰაინრიხის ცნობით, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში უკრაინულ მხარესთან შესახვედრად ჩავლენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი მაიკ უოლცი. 

უკრაინის დელეგაციაში, ჰაინრიხის ცნობით, იქნება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი. 

"რუბიო, უიტკოფი, უოლცი სამშაბათს ერ-რიადში გაემგზავრებიან, რათა უკრაინელებს შეხვდნენ, მათ შორის, ერმაკს". - წერს Fox News-ის ჟურნალისტი X-ზე. 

კომენტარები