რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Politico: ტრამპის წარმომადგენლებმა უკრაინელ ოპოზიციონერებთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართეს

პარტია ბატკავშინას ლიდერი და უკრაინის ყოფილი პრემიერი, იულია ტიმოშენკო

გამოცემა Politico-ს ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უკრაინის ოპოზიციის წევრებთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართეს. გამოცემა ინფორმაციას სამი უკრაინელ პარლამენტარზე და აშშ-ს საგარეო პოლიტიკის რესპუბლიკელ ექსპერტზე დაყრდნობით ავრცელებს.

Politico წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპის გუნდის ოთხი წევრი უკრაინული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, იულია ტიმოშენკოს და ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს გუნდის წევრებს შეხვდნენ.

გამოცემის ცნობით, საიდუმლო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს შესაძლებელია თუ არა ახლო მომავალში უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება.

Politico აღნიშნავს, რომ ტიმოშენკო და პოროშენკო ამ დრომდე საჯაროდ ეწინააღმდეგებიან უკრაინაში არჩევნების გამართვას საბრძოლო მოქმედებების დასრულებამდე, ისევე როგორც კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო.


19 თებერვალს, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის "უარჩევნებო დიქტატორი" უწოდა.

მანამდე კი ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკის მიმართ მოსახლეობაში მხარდაჭერა 4%-ზეა და უკრაინის პრეზიდენტს ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა, რაც მოსკოვის ერთ-ერთ მოთხოვნასაც წარმოადგენს.

ბრიტანული კვლევითი ორგანიზაცია Survation-ის უკანასკნელი მონაცემებით, მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში ზელენსკის მხარდაჭერას გამოკითხულთა 44% გეგმავს, მეორე ადგილს უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი იკავებს 21%-ით, პეტრო პოროშენკოსა და იულია ტიმოშენკოს კი შესაბამისად – 10% და 6% უჭერს მხარს.

კომენტარები