რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Reuters: აშშ-მ WTO-ში რუსეთის საწინააღმდეგო განცხადების მხარდაჭერისგან თავი შეიკავა

გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-მ თავი შეიკავა მხარი დაეჭირა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების განცხადებისთვის, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას გმობს.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-მ მხარი არ დაუჭირა განცხადებას, რომელიც 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ყოველ წელს ქვეყნდება.

განცხადებას ხელი მოაწერა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ორმოცდაოთხმა წევრმა, მათ შორის, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და ავსტრალიამ.

"გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ არ ვყოფილიყავით განცხადების თანასპონსორი, მიღებულ იქნა გაეროს უსაფრთხოების საბჭოსა და გენერალურ ასამბლეაზე მიმდინარე კვირის დასაწყისში ჩვენი პოზიციის შესაბამისად".  - განუცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა Reuters-ს.

ორგანიზაციის განცხადებაში დაგმობილია რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დამანგრეველი გავლენა ადამიანების ცხოვრებასა და უკრაინის ეკონომიკაზე.

"ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულები უკრაინისა და გლობალური ვაჭრობისთვის გამანადგურებელი შედეგებით". - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავზე, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა ევროპული მხარდაჭერით უკრაინის მიერ წარდგენილი რეზოლუცია, რომელიც რუსეთს დაუყოვნებლივ ჯარების გაყვანას მოითხოვს. აშშ-მ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა. 

ევროპის ქვეყნებისა და უკრაინის მიერ წარდგენილი რეზოლუცია მიუთითებს „რუსეთის ფედერაციის უკრაინაში ფართომასშტაბიან შეჭრაზე“ და მოითხოვს, რომ რუსეთმა „დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს ყველა სამხედრო ძალა უკრაინის ტერიტორიიდან, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“.

უკრაინის მიერ წარდგენილ რეზოლუციას მხარი 93-მა ქვეყანამ დაუჭირა, 65-მა თავი შეიკავა, ხოლო 18-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. რეზოლუციის წინააღმდეგთა შორის იყვნენ აშშ, რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა, ისრაელი და სუდანი. საქართველომ ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა არ მიიღო.

კომენტარები