დიდი ბრიტანეთი რუსეთს სანქციების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ პაკეტს დაუწესებს, რომლის სამიზნეც რუსული ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერები და უცხოური კომპანიები იქნებიან, რომლებიც რუსეთს სამხედრო აღჭურვილობის ნაწილებით ამარაგებენ. ამის შესახებ განცხადება დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა გააკეთა.
"დღეს, მოგვიანებით G7-თან ერთად შემდგომ ნაბიჯებსაც განვიხილავ. მე ცხადად ვამბობ, რომ G7 უფრო მეტ რისკზე უნდა წავიდეს, მათ შორის, ნავთობის ფასზე ზედა ზღვრის დაწესებით, რუსეთის ნავთობის გიგანების სანქცირებითა და იმ ბანკების წინააღმდეგ წასვლით, რომლებიც [რუსეთის მიერ] სანქციების გვერდის ავლას შესაძლებელს ხდიან". - თქვა სტარმერმა კიევში მიმდინარე "მხარი დაუჭირე უკრაინას" სამიტზე ვიდეო ჩართვაში.
სტარმერს პაკეტის დეტალებზე არ უსაუბრია.
ამასთან დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა გაიმეორა, რომ ლონდონი მზად არის, გადასცეს უკრაინას 4.5 მილიარდი ფუნტის (5.7 მილიარდი დოლარი) ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი იქნება უკრაინისთვის ომის დაწყებიდან გადაცემული სამხედრო პაკეტებისგან.
თავდაპირველად იმის შესახებ, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის აღნიშნული დახმარების გადაცემას აპირებდა, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ 12 თებერვალს რამშტაინის ფორმატის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის გარდა დღეს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 3 წლის თავზე, დამატებითი სანქციების მსხვილი პაკეტები რუსეთს ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამაც დაუწესეს.