EU-ს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

რუსეთის წინააღმდეგ EU-ს სანქციების მე-16 პაკეტში ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვიც მოხვდა

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-16 პაკეტში რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვიც მოხვდა.

"ვლადიმირ იევტუშენკოვი არის ბიზნესმენი, რომელიც ჩართულია ეკონომიკურ სექტორში, რომელიც რუსეთის ფედერაციის მთავრობისთვის მნიშვნელოვან შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.  

ვლადიმირ იევტუშენკოვს დიდი ხნის ურთიერთობა აქვს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის დაწყების დღეს კრემლში პრეზიდენტ პუტინთან ბიზნესმენთა შეხვედრაზე იმყოფებოდა" - წერია ევროკავშირის საბჭოს 16-ე სანქციების პაკეტის დოკუმენტში

რუსეთის უკრაინაში შეჭრის მესამე წლისთავზე გამოცხადებული სანქციების სამიზნე რუსეთის ნავთობის ტანკერების ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტი, ბანკები, ალუმინის იმპორტი და სხვა სექტორებია.


შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 25 აპრილს Youtube-ზე გავრცელდა ჩანაწერი, რომელიც, შესაძლოა, ასახავდეს ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის საუბარს. 

გავრცელებულ ჩანაწერში, სადაც ორ სხვადასხვა დროს შემდგარი სავარაუდო ლაპარაკია ნაჩვენები, სავარაუდოდ, ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ "სიტუაცია არასახარბიელოა, მაგრამ გაძლებაა საჭირო, რას იზამ". ამის შემდეგ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი თანამოსაუბრეს ეუბნება, რომ რაღაცას "მანდ დავითი მოიტანს", რაც მისივე თქმით, ივანიშვილსაც დააინტერესებს და სხვებსაც.

მეორე ზარის შემდეგ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი სავარაუდოდ ივანიშვილს ეუბნება, რომ "ჩემი კაცი ჩამოვიდა, ალი, იცნობ შენ მას" და ეკითხება, რომ ბოლოს და ბოლოს შეუძლია შეხვდეს თუ არა, რაზეც თანამოსაუბრე პასუხობს, რომ ის მაშინვე პრემიერს გაუგზავნა.

ვლადიმირ ევტუშენკოვი ფორმულასთან სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ ალი უზდენოვი, რომელსაც, სავარაუდოდ, მისი და ივანიშვილის საუბრის გავრცელებულ ჩანაწერში ახსენებენ, საქართველოში ნამდვილად იყო და პრემიერმინისტრსაც შეხვდა. თუმცა, ევტუშენკოვი აღნიშნავს, რომ უზდენოვის ვიზიტის მიზანი დასვენება იყო. 

კომენტარები