რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ რიგით მეთექვსმეტე სანქციების პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან დღემდე რიგით მეთექვსმეტე სანქციების პაკეტი დაამტკიცა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის მესამე წლისთავზე გამოცხადებული სანქციების სამიზნე რუსეთის ნავთობის ტანკერების ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტი, ბანკები, ალუმინის იმპორტი და სხვა სექტორებია.

"უკვე სამი წელია შეუჩერებლად ბომბავს უკრაინას, ცდილობს მიითვისოს მიწა, რომელიც მას არ ეკუთვნის. არ არსებობს ეჭვი იმაზე, თუ ვინ არის აგრესორი, ვინ უნდა გადაიხადოს და ვინ უნდა აგოს პასუხი ამ ომისთვის. ყოველი სანქციების პაკეტი კრემლს ართმევს ომის საწარმოებლად საჭირო დაფინანსებას". - თქვა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა.

სანქციების ახალ სიაში შესულია 74 ნავთობის ტანკერი (ჯამში 153), ასევე, რუსული ალუმინის იმპორტის აკრძალვა, სათამაშო კონსოლების გაყიდვის აკრძალვა, რომლებიც შესაძლოა, დრონების მართვისთვის იქნას გამოყენებული. ამასთან, სანქციები რვა რუსული მედიასაშუალებისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე მაუწყებლობის აკრძალვასაც ითვალისწინებს.

კომენტარები