აშშ-რუსეთი

რიაბკოვის თქმით, მომდევნო კვირაში აშშ-სა და რუსეთს შორის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება

სერგეი რიაბკოვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის თქმით, რუსეთი და აშშ მომდევნო კვირის დასასრულს ორმხრივ ურთიერთობებში არსებული "გამაღიზიანებლების" შესახებ მოლაპარაკებებს გამართავენ. ინფორმაციას Reuters რუსული სამთავრობო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს

"ჩვენ მზად ვართ ამერიკულ მხარესთან კომუნიკაციისთვის, კერძოდ, ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ გამაღიზიანებლებზე. ჩვენ მოველით რეალურ პროგრესს შეხვედრაზე, რომელიც მომდევნო კვირის დასასრულს არის ჩანიშნული". - თქვა რიაბკოვმა. 

რიაბკოვმა ასევე დაამატა, რომ შეხვედრა "საგარეო საქმეთა სამსახურების დეპარტამენტების ხელმძღვანელების დონეზე" შედგება. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გუშინ, 22 თებერვალს ასევე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის შეხვედრისთვის მზადება უკვე დაწყებულია. მისივე თქმით, სამიტისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჯერჯერობით საწყის ეტაპზეა. 

გარდა ამისა, რიაბკოვმა თქვა, რომ შესაძლო სამიტი არა მხოლოდ უკრაინაში ომს, არამედ ზოგადად აშშ-რუსეთის ურთიერთობის რელევანტურ საკითხებს შეეხება. 

ცნობისთვის, 18 თებერვალს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ადგილობრივი აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით პირველი მოლაპარაკებები გაიმართა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებდა:

"უკრაინა არ მიიღებს შეხვედრაში მონაწილეობას. უკრაინამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. უკრაინა უშედეგოდ მიიჩნევს ნებისმიერ მოლაპარაკებებს უკრაინაზე, უკრაინის ჩართულობის გარეშე. და ჩვენ ვერ ვაღიარებთ ნებისმიერ შეთანხმებას ჩვენს შესახებ, რომელიც ჩვენს გარეშე შედგა. და ჩვენ არ ვაღიარებთ ასეთ შეთანხმებებს". - თქვა ზელენსკიმ.

მოლაპარაკებების მაგიდაზე არ იყო მიწვეული ევროპაც, რის გამოც საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივით პარიზში ევროპელი ლიდერების საგანგებო შეხვედრა დაინიშნა.

შეხვედრას მაკრონის გარდა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი, პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი, იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ესპანეთის პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, დანიის პრემიერმინისტრი მეტე ფრედერიკსენი და სხვა მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.

თუმცა, 17 თებერვალს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინაში ომის დამთავრებაზე სერიოზული ხასიათის მოლაპარაკებებში მონაწილეობა როგორც უკრაინამ, ასევე ევროპამაც უნდა მიიღონ.

"ერთი შეხვედრა ამას არ მოაგვარებს, მაგრამ მინდა გავიმეორო, პრეზიდენტმა გარკვევით თქვა - მას ამ ომის დამთავრება უნდა და თუ შესაძლებლობები გამოჩნდება ამის მისაღწევად, ჩვენ მათ გამოვიყენებთ". - ამბობს ტრამპის სახელმწიფო მდივანი.

რუბიოს თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბარი კარგი ნაბიჯია, მაგრამ ახლა ამ ყოველივეს ქმედებები უნდა მოჰყვეს.

ამასთანავე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ საუდის არაბეთში დაგეგმილი შეხვედრები ჯერ მხოლოდ წინასწარია, ხოლო "რეალურ მოლაპარაკებებში" უკრაინა და ევროპაც იქნება ჩართული.

"თუ რეალური მოლაპარაკებები იქნება, და ჯერ ჩვენ მანდამდე მისულები არ ვართ, მაგრამ თუ ეს მოხდება, უკრაინა ჩართული უნდა იყოს, რადგან მათ დაესხნენ თავს, და ევროპა უნდა იყოს ჩართული, რადგან მათ სანქციები აქვთ პუტინსა და რუსეთზეც, და მათ წვლილი შეიტანეს ამ ძალისხმევაში". - დაამატა მან.

ასევე, გასული 3 წლის განმავლობაში, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, აშშ-მ უკრაინას მილიარდობით დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გადასცა. აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ს ინვესტიცია უკრაინის იშვიათ წიაღისეულში უზრუნველყოფდა იმას, რომ აშშ "რაღაც ფორმით ამ ფულს უკან დაიბრუნებდა". ტრამპს სურს, რომ კიევმა აშშ-ს გაცემული სამხედრო დახმარების ასანაზღაურებლად 500 მილიარდი დოლარის ღირებულების წიაღისეულზე წვდომა მისცეს. 

ცნობისთვის, ზელენსკიმ 15 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე თქვა, რომ უკრაინა აშშ-სთან მინერალების შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად მზად არ არის. მისივე თქმით, დოკუმენტი არ არის მზად უკრაინისა და მისი ინტერესების დასაცავად. 

დღეს, 22 თებერვალს მედიაში ამ შეთანხმების პროგრესთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები გავრცელდა.

კომენტარები