რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

WSJ: აშშ და უკრაინა წიაღისეულის შესახებ შეთანხმების მიღწევას უახლოვდებიან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

Wall Street Journal საკითხთან ახლოს მომუშავე პირებზე დაყრნობით წერს, რომ აშშ და უკრაინა შეთანხმების მიღწევას უახლოვდებიან, რომლის მიხედვითაც უკრაინის იშვიათ წიაღისეულზე უფლებები აშშ-ს გადაეცემა.

შეთანხმების პროგრესზე მიანიშნებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომელიც მან პარასკევს ღამით ტრადიციულ ვიდეომიმართვაში გააკეთა. „ამ შეთანხმებაზე უკრაინული და ამერიკული მოლაპარაკებების ჯგუფები მუშაობენ. ეს არის შეთანხმება, რომელიც გააძლიერებს ჩვენს ურთიერთობას, ხოლო მთავარი ამოცანაა დეტალების დამუშავება, რათა ის მაქსიმალურად ეფექტური იყოს, ველოდები შედეგს - სამართლიან შედეგს“  - აღნიშნა ზელენსკიმ.

გამოცემის მტკიცებით, შეთანხმება შესაძლოა დღეს გაფორმდეს, თუმცა მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. კონკრეტული პირობები ჯერჯერობით უცნობია, როგორც WSJ-ს მოლაპარაკებების დეტალებზე ინფორმირებული პირები უცხადებენ.


გასული 3 წლის განმავლობაში, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, აშშ-მ უკრაინას მილიარდობით დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გადასცა. აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ს ინვესტიცია უკრაინის იშვიათ წიაღისეულში უზრუნველყოფდა იმას, რომ აშშ "რაღაც ფორმით ამ ფულს უკან დაიბრუნებდა". ტრამპს სურს, რომ კიევმა აშშ-ს გაცემული სამხედრო დახმარების ასანაზღაურებლად 500 მილიარდი დოლარის ღირებულების წიაღისეულზე წვდომა მისცეს. 

ცნობისთვის, ზელენსკიმ 15 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე თქვა, რომ უკრაინა აშშ-სთან მინერალების შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად მზად არ არის. მისივე თქმით, დოკუმენტი არ არის მზად უკრაინისა და მისი ინტერესების დასაცავად. 

"ნება არ დავრთე მინისტრებს, რომ შეთანხმებისთვის ხელი მოეწერათ, რადგან, ჩემი აზრით, ის ჩვენი და ჩვენი ინტერესების დასაცავად მზად არ არის". - თქვა ზელენსკიმ. 

ზელენსკის თქმით, აშშ-ს ფინანსთა მინისტრ, სკოტ ბესენტის პრეზენტაციის შემდეგ შეთანხმებისთვის ხელის მოწერაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ მანამდე მისი გამოკვლევა და სხვებისგან რჩევის მოსმენა იყო საჭირო. 

"მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში ინვესტიციებზე ვილაპარაკოთ და ეს ჩვენმა იურიდიულმა ექსპერტებმა სიღრმისეულად უნდა გამოიკვლიონ. შეგვიძლია, განვიხილოთ, როგორ გადავანაწილებთ მოგებებს (მინერალური რესურსების შეთანხმებიდან), თუკი ის უსაფრთხოების შეთანხმებასთან იქნება დაკავშირებული". - თქვა ზელენსკიმ. 

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე დაამატა, რომ შეთანხმება უსაფრთხოების შეთანხმება არ იყო და მასში "არ არის უსაფრთხოების გარანტიები", რის გამოც მისთვის ხელის მოწერა ამჟამად უკრაინის "ინტერესში არ არის". 

კომენტარები